აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სიტყვა სახელმწიფოთა მეთაურებისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობათა სამიტზე, რომელიც ჩატარდა ამ ორგანიზაციის 10 წლისთავის აღსანიშნავად - სტამბული, 2002 წლის 25 ივნისი


პატივცემულო ბატონო თავმჯდომარე!

თქვენო აღმატებულება, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებო!

სამიტის პატივცემულო მონაწილენო!

ქალბატონებო და ბატონებო!

გულითდად მოგესალმებით, გილოცავთ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 10 წლისთავს.

ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა ათი წლის წინ თურქეთში, სტამბულში. დღეს ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ სტამბულში, რათა შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობის პირველი ათი წლის შედეგები და განვსაზღვროთ ჩვენ წინაშე მდგომი ამოცანები.

ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის სახელმწიფოს და მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჩემს მეგობარს ახმეტ ნეჯეთ სეზერის სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და ჩვენს მიმართ გამომჟღავნებული სტუმართმოყვარეობისთვის.

ჩვენი სახელმწიფოები არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და სტრუქტურის წევრები. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ვინაიდან, ჯერ ერთი, აღნიშნული ორგანიზაცია ერთ საერთო რეგიონში შემავალ სახელმწიფოებს აერთიანებს. მეორეც, და რაც მთავარია, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას და თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს სოციალური და ეკონომიკური პროგრესისა და რეგიონის ხალხთა ურთიერთთანამშრომლობის მიღწევას.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ასაკსა და მის რიგებში გაერთიანებული მრავალი სახელმწიფოს ასაკს შორის არის მსგავსება და ეს მეტყველებს იმაზე, რომ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად გადავჭრათ ჩვენი პრობლემები, გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და შევქმენით შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდგომ წლებში ეს ორგანოზაცია შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ინიციატივიდან გადაიქცა ევროპული მასშტაბის ორგანიზაციად, შეიქმნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის განტოტვილი სტრუქტურები. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ პროცესმა კიდევ უფრო დიდი გასაქანი მიიღო.

სხვადასხვა ფასეულობების, ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო ძალების მქონე და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის საფუძველს ურთიერთდიალოგის გაღრმავებისათვის და ეკონომიკური თანამშრომლობის გზების ერთობლივი ძიებისათვის.

ამავდროულად, საკუთარი ფასეულობების დაცვასთან და ურთიერთგცვლის განხორციელებასთან ერთად ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა აირჩიეს საერთო გზა და ამ მიმართულებას მიუყვებიან ‑ ევროპაში უფრო ღრმა ინტეგრაციას.

დღეს სრული საფუძველი გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები უკვე განსაზღვრულია. ეს, პირველ რიგში, არის ენერგეტიკა და ტრანსპორტი. აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღნიშნული სფეროების განვითარებაში როგორც შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩოებში, ასევე ევროპის მასშტაბშიც. გვჯერა, რომ ეს პროცესი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება.

1993 წლიდან დაწყებული ჩვენ თანმიმდევრულად ვატარებთ კასპიის ზღვის ბასეინიდან დასავლეთის ბაზრებზე ნახშირწყალბადოვანი რესურსების ტრანსპორტირების პოლიტიკას. აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს რეგიონის არამარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და დემოკრატიულ განვითარებაზე, რეალურ შედეგებს იძლევა.

თანმიმდევრულად სრულდება „საუკუნის კონტრაქტი“, რომელიც ხელმოწერილი იყო 1994 წელს.დღეისათვის ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან და კონსორციუმებთან კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორის ნედლი ნავთობის მოპოვებაზე, გადამუშავებაზე და ტრანსპორტირებაზე.

კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობის ექსპორტი ხორციელდება ბაქო-ნოვოროსიისკი და ბაქო-სუფსა ნავთობსადენებით. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი, რომელიც ხელმოწერილი იყო 1994 წელს აქ, სტამბულში, უკვე შევიდა რეალიზაციის ბოლო ფაზაში. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტი სულ მალე იდეიდან რეალობაში გადავა და აღნიშნული პროექტების რეალიზაცია, უეჭველად, მნიშვნელოვნად შეცვლის რეგიონის ეკონომიკურ სურათს.

ეს პროექტები, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის, აგრეთვე მსოფლიოს რიგი წამყვანი ნავთობკომპანიის, მონაწილეობით, კიდევ უფრო გააღრმავებენ კასპიისა და შავი ზღვის ბასეინების ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას.

ბუნებრივია, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ შავი ზღვის ეკნომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მონაწილეობას მსხვილი ეკონომიკური პროექტების რეალიზაციაში.

აზერბაიჯანის გეოსტრატეგიულმა მდებარეობამ, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიაზე რიგი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნების გავლამ გადააქცია აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო სახელმწიფოდ ევროპასა და აზიას შორის. ჩვენი ინიციატივით 1998 წელს ბაქოში მსოფლიოს 30-ზე მეტი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის თაობაზე.

აზერბაჯანის და ორგანიზაციის რიგი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გამავალი ისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ხალხთა შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირების განმტკიცების საქმეში. დიდი კმაყოფილების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მრავალი წევრი სახელმწიფოს და ქვეყნის მთავრობების მეთაურებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა ამ კავშირების აღდგენას.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ‑ტრასეკა-ს ‑პროგრამის რეალიზაცია, რომელსაც აფინანსებს ევროპული კავშირი, და მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების შექმნა არის ჩვენი შემდგომი ეკონომიკური განვითარების და ჩვენი ურთიერთკავშირების გაფართოების ერთ-ერთი მთავარი პირობა.

უეჭველია, რომ ჩვენი სახელმწიფოების პოტენციალი ძალიან დიდია. მაგრამ ამ პოტენციალის სრული გამოყენების მნიშვნელოვანი პირობა არის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება, კონფლიქტების ლიკვიდაცია, ერთმანეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, რეგიონის სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობა, ეკონომიკური პროექტების ერთობლივი განხორციელება შეუძლებელი იქნება. ასეთია აზერბაიჯანის პრონციპული პოზიცია და სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამართლიან გადაჭრამდე ჩვენ არ გადავუხვევთ ამ პრონციპიდან.

დღეს ჩვენ ნაწილობრივად ვაჯამებთ ჩვენი ორგანიზაციის მუშაობას ათი წლის მანძილზე. ამასთან ერთად ვსაზღვრავთ ჩვენი სამომავლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში მიღწეულია გარკვეული წარმატება.

მაგრამ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის არსებობა, მისი წარმატებული საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების თანმიმდევრულ შესრულებასთან, ახალი პრიორიტეტების მუდმივ განსაზღვრასთან და მათ მიღწევასთან. ამ მხრივ ჩვენ წინაშე დიდი ამოცანები დგას.

შავი ზღვის რეგიონი ევრაზიის ცენტრში მდებარეობს. და სტამბული, რომელიც ითვლება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დაარსების ადგილად და მის დედაქალაქად, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა განლაგებული. ვანიჭებ რა ამას სიმბოლურ მნიშვნელობას, მივიჩნევ, რომ ჩვენი ორგანიზაციის შემდგომ საქმიანობაშიც ძირითადი ადგილი უნდა ეჭიროს კონტინენტების, სახელმწიფოების, ხალხთა და ადამიანთა გაერთიანება, ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური განვითარების მიღწევა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და გამოვხატავ ჩემს საუკეთესო სურვილებს.

ყველას მადლობას გიხდით.