ჰეიდარ ალიევის მიმართვასსრკმინისტრთაკაბინეტის პარტიულორგანიზაციაში - მოსკოვი, 1991 წლის 19 ივლისი


მინდა მოგახსენოთ რომ, მივიღე გადაწყვეტილება სკკპ-დან გამოსვლის შესახებ.

ამთავითვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს უბრალოდ "მოდის აყოლა" არ არის, არამედ ჩემს მიერ ბოლო წლების მანძილზე წარსული იმედგაცრუებებისა და ფასეულობათა გადაფასების შედეგია.

ამ ნაბიჯის გადადაგმის ძირითადი მიზეზები ქვემოთ არის მოყვანილი.

პირველი. სკკპ-დან გამოსვლა გადავწყვიტე ჯერ კიდევ 1990 წლის იანვარში აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელა ცენტრის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა. იანვრის მოვლენების შედეგად დაიღუპა და დასახიჩრდა ასობით უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ მოხუცები, ქალები და ბავშვები.

დავგმე რა ჩემს გამოსვლებში ეს ანტიჰუმანური, ანტიკონსტიტუციური და კონონსაწინააღმდეგო აქტი, ვიმედოვნებდი, რომ სკკპ ცკ, აზერბაიჯანის კპ ცკ ამხელდნენ ამ დანაშაულს და გამოავლენდნენ დამნაშავეებს. ვძლიე ჩემს თავს და მოთმინებით ველოდი. ამ გამოსვლების საპასუხოდ კი, მალევე ორგანიზებულ იქნა ჩემი ტოტალური დევნა პარტიის ბეჭდვითი ორგანოების მხრიდან, რომელიც წამოიწყო გაზეთმა «პრავდამ». ჩემი ყველა მცდელობა გამოვსულიყავი მასობრივი ინფორმაციის ამავე საშუალებებში ჩემს მიმართ გამოგონილი ფაქტების არგუმენტირებული გაბათილებით ამაო აღმოჩნდა. გარდაქმნის უდიდეს მონაპოვრად გამოცხადებული საჯაროობა პრაქტიკულად ცალმხრივი აღმოჩნდა.

სახალხო დეპუტატების, ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის, ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლების არაერთი მიმართვა იანვრის ტრაგედიაში დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დასჯის მოთხოვნით ჯიუტად უგულებელყოფილ იქნა აზერბაიჯანის კომუნისტური ხელმძღვანელობის მიერ.

წელიწად ნახევარი გავიდა. არათუ რამე გაკეთებულა ფარდის ასახდელად ამ საშინელი დანაშაულისთვის, რომლის შემსრულებლები დიდი ხანია ცნობილია, არამედ პირიქით, ყველა ღონეს ხმარობენ მის მისაჩქმალად იმ იმედით, რომ დრო დავიწყებას მისცემს ამ ტრაგედიას. ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ არავითარი წლები, ათწლეულები ვერ გვაიძულებენ დავივიწყოთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისხლიანი დანაშაულებანი.

მეორე. სამ წელიწადზე მეტია რაც, ცენტრის ფარისევლური პოლიტიკის შედეგად აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ოლქში შენარჩუნებულია მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც წარმოიქმნა სომეხი ნაციონალისტების მცდელობით სკკპ ცკ-ს მფარველობის ქვეშ. ოლქი ფაქტობრივად გამოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მმართველობიდან.

აზერბაიჯანის სახელწმიფო სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა უხეშად არის დარღვეული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი. შეიძლება ითქვას რომ ყოველ დღე ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები. და ეს ყველაფერი საბჭოთა სახელმწიფოს ფარგლებში მისი "ჰუმანური იდეოლოგიით".

დარწმუნებული ვარ, პარტიის მართველობას რომ ნდომოდა ეროვნებათშორისი კონფლიქტის აღკვეთა, რომელიც მთიანი ყარაბაღის ეგრეთწოდებულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1987-1988 წლებში წარმოიშვა, ეს დასაწყისშივე იქნებოდა შესაძლებელი და სულ უფრო მზარდი დაპირისპირება, სისხლისღვრა, რომელმაც უმძიმესი უბედურება და ტანჯვა მოუტანა როგორც აზერბაიჯანელ, ასევე სომეხ ხალხს, თავიდან იქნებოდა აცილებული. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ცენტრს ეს აგრესია აწყობდა.

მესამე. მთელი საზოგადოების დემოკრატიზაციის, პოლიტიკური თავისუფლებებისა და პლურალიზმის გამოცხადების პერიოდში აზერბაიჯანში 1988 წელს დაწყებული ფართო დემოკრატიული მოძრაობა რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის და საზოგადოების დემოკრატიზაციის დასაცავად ჯიუტად ითრგუნება აზერბაიჯანის კპ ცკ-ის ძალისხმევით, რომელსაც სკკპ ცკ მფარველობს. ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური მოტივებით მრავალი ადამიანია რეპრესირებული.

წელიწად ნახევარია, აზერბაიჯანის 2-მილიონიანი დედაქალაქი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს. სწორედ ასეთ პირობებში ჩატარდა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ეგრეთწოდებული "დემოკრატიული" არჩევნები და რეფერენდუმი წინასწარ ცნობილი დადებითი შედეგით საბჭოთა კავშირის შენარჩუნების სასარგებლოდ. გულუბრყვილობაა იმის მოლოდინი, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შესაძლებელია დემოკრატია და ხალხის ნებასურვილის თავისუფლად გამოხატვა. დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ წამოაყენეს საკითხი იმის თაობაზე, რომ რესპუბლიკის ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და მისი შედეგები ფალსიფიცირებულია. მაგრამ აზერბაიჯანის კომუნისტურმა მართველობამ ამ მიმართვების განხილვაც კი საჭიროდ არ ჩათვალა.

ცენტრის მიერ თავსმოხვეული ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების წინააღმდეგი ვიყავი და კვლავაც ვიქნები. შეუძლებელია, არსებობდეს რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტი ერთი სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში ამ მცნებიდან გამომდინარე ყველა თავისუფლებებით, უფლებამოსილებებით და ფუნქციებით.

ყველა მოკავშირე რესპუბლიკას უნდა მიეცეს ჭეშმარიტი პოლიტიკური, ეკონომიკური თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისთვის. ეს არანაირად არ უშლის ხელს ეკონომიკურ ინტეგრაციას და რესპუბლიკების ტრადიციულ კულტურულ კავშირებს. პირიქით, ხელს შეუწყობს მათ სრულყოფას და განვითარებას ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე.

ვარ რა აზერბაიჯანისა და ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატი, ჩემს გამოსვლებში არაერთხელ წამომიწევია ყველა ეს საკითხი. აზერბაიჯანის კომპარტიას, რომელსაც ხალხში სრულიად ჰქონდა დაკარგული ავტორიტეტი, ვთავაზობდი უარი ეთქვა ძალაუფლების მონოპოლიზაციაზე, უზრუნველეყო პირობები ყველა პოლიტიკური ძალის თავისუფალი და თანასწორუფლებიანი მოღვაწეობისათვის, შეექმნა პირობები დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის,, პოლიტიკური პლურალიზმისა და სრული საჯაროობისათვის.

მაგარამ ჩემი ყველა გამოსვლა და წინადადება არათუ არ განიხილება აზერბაიჯანის კომუნისტური მართველობის მიერ, არამედ იწვევს საპასუხო რეაქციას ჩემს მიმართ ახალი, მომზადებული და ორგანიზებული გამოხტომების სახით. გაზეთების რედაქტორებს, ჟურნალისტებს ჩემი გამოსვლების პუბლიკაციისათვის აზერბაიჯანში სამსახურიდან ათავისუფლებენ და სდევნიან.

ამ ყველაფერმა მაიძულა უკიდურესი ნაბიჯი გადამედგა და განმეცხადებინა სკკპ-დან გამოსვლის შესახებ, თუმცაღა ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული იყო.

მე კომუნისტების ოჯახში ვარ გაზრდილი და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება კომუნისტურ პარტიასთან არის დაკავშირებული. ჩემი ბედი ბოლშევიკთა პარტიას დავუკავშირე 1943 წელს 20 წლის ასაკში.

კომუნისტური პარტიის იდეალებისა ამჯეროდა და აქტიურად ვმონაწილეობდი მისი გეგმების განსახორციელებაში. ახლა ყველა ეს რწმენა დავკარგე.

განახლებული პარტიის და რესპუბლიკების განახლებული კავშირის შესახებ დაუსრულებელი განცხადებები ხალხის მორიგი მოტყუებაა და სხვა არაფერი.

აუცილებელია ხალხს ღიად და პატიოსნად ვუთხრათ, რომ კომუნისტურმა ექსპერიმენტმა, სოციალისტურმა არჩევანმა ჩვენს ქვეყანაში არ გაამართლა, ძალით შექმნილმა და შენარჩუნებულმა რესპუბლიკების კავშირმა დრო მოსჭამა.

წარმომიდგენია, რა სირთულეები მელოდება ამ განცხადების შემდეგ, წინასწარ ვხედავ ყველანაირ თავდასხმებს და მორალურ დევნას.

პარტიის მიერ განვლილი გზის საღმა ანალიზმა მიმიყვანა ამ პოზიციამდე. ამასთან ერთად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას.

ვტოვებ რა სკკპ რიგებს, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ყველა წესიერი და პატიოსანი კომუნისტის მიმართ, რომლებსაც რწმენა და იმედი ჯერ კიდევ აქვთ.

ჰეიდარ ალიევი.