მიმართვა აზერბაიჯანელ ხალხს 2003 წლის 1 ოქტომბერი


ძვირფასო თანამემულენო, აზერბაიჯანის პატივცემულო მოქალაქენო!

ამ დღეებში სრულდება აზერბაიჯანის რესპუბლიკით ჩემი ხელმძღვანელობის 34 წელი მთლიანობაში და აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტად ყოფნის 10 წელი. ამ წლებში მთელი ჩემი ცხოვრების იდეა როგორც რიგითი აზერბაიჯანელისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქისა და ასევე მისი ხელმძღვანელისა, პრეზიდენტისა მდგომარეობდა თქვენს, აზერბაიჯანელი ხალხის, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სულიერი განვითარების მსახურობაში. ამ გზაზე მთელ ჩემს ძალას და მონდომებას მე ჩემი ბრძენი და მადლიერი ხალხისგან ვსესხულობდი. ყველაზე ძნელ მომენტებში, ყველაზე რთულ სიტუაციებში მე მხოლოდ ჩემს ხალხს ვეყრდნობოდი. ეს კი მაძლევდა გაძლებას, ნებისყოფას, უზრუნველყოფდა ყველა ჩემს წარმატებას.

აზერბაიჯენალმა ხალხმა დაიკავა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ხალხთა რიგებში. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია მისი სულიერი სამყარო, ღირსეული წვლილი მსოფლიო კულტურის საგანძურში, მსოფლიო ცივილიზაციის ფასეულობებისადმი ზიარების უნარი. ამჯამად არავის აკვირვებს, რომ აზერბაიჯანელები თავისი შრომისა და ნიჭის წყალობით თანდათან უფრო ინტენსიურად ინტეგრირებენ მსოფლიოს ხალხთა ოჯახში ყველა სფეროში.

დღეს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვითარდება მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე მოწინავე გამოცდილებისა და ფასეულობების გამოყენებით. დემოკრატიული საზოგადოების, სამართლებრივი სახელმწიფოს, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა უზენაესობის და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპების ხელმძღვანელობით აზერბაიჯანი მსოფლიოსა და ევროპის ყველაზე მოწინავე და შემძლე ქვეყნებთან მხარდამხარ მოღვაწეობს. ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიკავა. დღეს მსოფლიოს, რეგიონისა და ჩვენი გარემომცველი სამყაროს ძირითადი სტრატეგიული და გლობალური საკითხები არ წყდება ჩვენი აზრისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ჩვენ გვიცნობენ, მიგვიღეს და ანგარიშს გვიწევენ მთავარ საკითხებში.

აზერბაიჯანის ეკონომიკური ცხოვრება ახლიდან შენების, აღორძინების და მაღალი დინამიზმით განვითარების პროცესშია. ყოველ წელს ქვეყნის ეკონომიკაში შიდა და გარე კაპიტალდაბანდებათა მოცულობა იზრდება, ხდება აგრარული სექტორის, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მოდერნიზაცია, ეკონომიკაში იზრდება არანავთობური სექტორის წილი, შენარჩუნებულია მანათის სტაბილურობა, იზრდება სავალუტო რესურსები, ჩნდება სულ უფრო ახალი და ახალი სამუშაო ადგილები დიდი სახელფასო ანაზღაურებით. ეს ყველაფერი 1994 წლიდან განხორციელებული ნავთობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის შედეგია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში აზერბაიჯანში აღარ დარჩება არც ერთი უმუშევარი და უმწეო ადამიანი. დიდი ტემპით გაიზრდება სახელფასო ანაზღაურება, პენსიები და ადამიანთა საერთო შემოსავალი. აზერბაიჯანის სახელმწიფო, ჩვენი საქმიანი ხალხი შეძლებს მიიღოს მონაწილეობა ყველაზე პერსპექტიულ და მომგებიან პროექტებში, დააბანდოს ინვესტიციები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც.

ჩვენი სახელმწიფო თანდათან ზრდის თავის თავდაცვისუნარიანობას, სამხედრო ძალას. ჩვენი ეროვნული ჯარი ითვისებს მოწინავე გამოცდილებას და ტექნოლოგიებს, ახალგაზრდობა სიამოვნებით მიდის ჯარში.

ამ ყველაფერს ადვილად არ მივაღწიეთ. გასულ პერიოდში ჩვენ თქვენთან ერთად შევაჩერეთ ძალზედ სახიფათო რეაქცია, პროვოკაცია და სხვა აზერბაიჯანული აქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარედან, გადავლახეთ დიდი სიძნელეები. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით.

აზერბაიჯანის მთავრობის გაუბედაობის გამო თავის დროზე ვერ მოხერხდა სომხების მიერ 1988 წელს მთიან ყარაბახში გაჩაღებული ავანტიურისტული ნაციონალისტური სეპარატიზმის შეჩერება. სომხეთის ჯარმა ისარგებლა ჩვენს რესპუბლიკაში 1990-1993 წლებში გაჩაღებული პოლიტიკური და სამთავრობო კრიზისით, უმართაობით და ქაოსით, მოახდინა აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია, მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ლტოლვილად და გადასახლებულ პირად გახადა. ქვეყნის მოქალაქეებს რესპუბლიკის შიგნით ერთმანეთში შეიარაღებულ შეტაკებებზე აქეზებდნენ და ჩვენი სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის დასაშლელად და გასაუქმებლად უდიდესი ძალები იყო ამოქმედებული. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ეს ყველაფერი. მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხეთ ქაოსისა და ანარქიის პერიოდში დარღვეული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის, ლტოლვილთა და გადასახლებულ პირთა დაბრუნების პრობლემის გადაჭრა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხსაც აუცილებლად მოვაგვარებთ.

ამის მიუხედავად, გასულ წლებში ჩვენ შევძელით გადაგვეწყვიტა საკითხები, რომელთაც ჩვენი ხალხისათვის და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

პირველ რიგში ჩვენ მივაღწიეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის საძირკველს წარმოადგენს, ჩავუყარეთ საფუძველი სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ეროვნულ ერთობას და კანონების უზენაესოებას ეყრდნობა.

მეორე, ახლიდან ავაშენეთ და განვითარების გზაზე გავიყვანეთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც ყოველი ქვეყნის მიზანია, მისი არსებობის არსია.

მესამე, ჩვენ შევძელით აგვეშენებინა აზერბაიჯანელი ხალხისთვის სასურველი და ნანატრი დემოკრატიული ქვეყანა ყველა სათანადო ინსტიტუტებით, უზრუნველგვეყო მისი დამოუკიდებლობის ურყეობა.

მხოლოდ დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომელიც ხასიათდება ეროვნული ერთიანობით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობით, დინამიურად განვითარებადი ეკონომიკით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და რომელიც დემოკრატიულ და სამოქალაქო საზოგადოებას ეყრდნობა შესაძლებელია ყველა საკითხის, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება.

აზერბაიჯანის ძვირფასო მოქალაქენო, ჩემო ძვირფასო ხალხო!

ჩემი შინაარსით აღსავსე ცხოვრების ზუსტად 60 წელი მე ვცხოვრობდი ჩემი ხალხის აწმყოთი და მომავლით. ამათგან ბოლო 10 წელი აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის მსახურობაში გავიდა. თქვენთვის ცნობილია სამუშაო, რომელიც ამ მიმართულებით გატარდა, მაგრამ მე კიდევ ბევრი დაუმთავრებელი პერსპექტიული გეგმა დამრჩა. ბოლო ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები საშუალებას არ მაძლევს დავამთავრო მთელი ეს დაწყებული საქმე, რომლის შედეგი ჩემთვის უკვე ნათელია. ამის მიუხედავად, ჩემი კანდიდატურა წამოწეული და დარეგისტრირებულია მომავალ 2003 წლის 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად. საარჩევნო კამპანიაში ჩართული ასი ათასობით ადამიანი ატარებს აგიტაციას ჩემს სასარგებლოდ. ვისარგებლებ შემთხვევით და ამ ადამიანებს, პარტია "იენი აზერბაიჯან"-ის ყველა წევრს, რომლებმაც წამოაყენეს და მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას, სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს, რომელიც მხარს მიჭერს, ყველას მიმართ გამოვთქვამ ღრმა მადლიერებას. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, აღვიდგენ რა ჯანმრთელობას, დავბრუნდები სამშობლოში და ისევ ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად. ახლა კი ჩემს კანდიდატურას ვხსნი ილჰამ ალიევის სასარგებლოდ.

მოგმართავთ რა თქვენ - ჩემს თანამემამულეებს, მოგიწოდებთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაუჭიროთ პრეზიდენტობის კანდიდატს, ჩემს პოლიტიკურ მემკვიდრეს, პარტია "იენი აზერბაიჯან"-ის თავჯდომარის პირველ მოადგილეს ილჰამ ალიევს.

იგი არის მაღალინტელექტუალური, ენერგიული და თაოსანი პიროვნება პრაგმატული აზროვნებით, იგი მშვენივრად ერკვევა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში და ეკონომიკაში. გარწმუნებთ, რომ როგორც ილჰამ ალიევი, ასევე პარტია "იენი აზერბაიჯანი"-ი, მომავალშიც მჭიდროდ შემოიკრებენ გარშემო ჩვენი ხალხის ყველაზე ღირსეულ შვილებს და ბევრს გააკეთებენ ჩვენი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე. მჯერა, რომ თქვენი დახმარებით და მხარდაჭერით ილჰამ ალიევი შეძლებს დაასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, გეგმები, რომელიც მე ვერ მივიყვანე ბოლომდე. მე მისი მჯერა როგორც საკუთარი თავისა და მის მომავალზე დიდ იმედებს ვამყარებ.

ღრმა პატივისცემით,

ჰეიდარალიევი

აზერბაიჯანისრესპუბლიკისპრეზიდენტი

2003 წლის 1 ოქტომბერი, გაზეთი "აზერბაიჯანი"