აზერბაიჯანის ქართულ სათვისტომოს ‑ ბაქო, 1999 წლის 19 ივნისი


ძვირფასო თანამემამულენო!

გულითადად მივესალმები თქვენს თავყრილობას, რომელიც ტარდება აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების ეროვნულ-კულტურული ორგანიზაციის დაარსების მიზნით. გისურვებთ წარმატებებს ქართული სათვისტომოს თქვენ მიერ დაარსებული ორგანიზაციის მომავალ საქმიანობაში.

აზერბაიჯანელები და ქართველები წარმოადგენენ კავკასიის ხალხთა შორის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ერებს. მათ ყოველთვის აკავშირებდა გულწრფელი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა. ჩვენი ხალხები ათასწლეულების განმავლობაში, ცხოვრობდნენ რა ერთ გეოგრაფიულ სივრცეში, ამ მხარის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. მრავალი სახელოვანი ფურცელი ჩაიწერა სამხრეთი კავკასიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რომლებიც ჩვენი ხალხების ურყევი მეგობრობისა და თანამშრომლობის მოწმენი არიან. ყოველი ჩვენთაგანის წმინდა ვალია, განვავითაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ჩვენი შორსმჭვრეტელი წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ეს სახელოვანი ტრადიციები.

გლობალური პოლიტიკური მოვლენებით მდიდარი მეოცე საუკუნის ბოლოს აზერბაიჯანმა და საქართველომ კვლავ მიიღეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფალი და სუვერენული რესპუბლიკა, რაც ჩვენი ხალხების ისტორიული უფლებაა, ატარებს დამოუკიდებელ შიდა და საგარეო პოლიტიკას, ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენი ხალხების ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. მეტად საპასუხისმგებლო ისტორიულ ეტაპზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები აქტიურად მონაწილეობენ რა იმ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლის მოქალაქეებიც არიან, ღირსეულად ასრულებენ თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცების საქმეში.

დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რომელიც რწმენით მიიწევს წინ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზით, ყველა მოქალაქის, მათ შორის ეროვნული უმცირესობების, უფლებები და თავისუფლება უზრუნველყოფილია საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, მათი ენის, აღმსარებლობისა და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველებიც სარგებლობენ ადამიანის უფლებებით, რომლებიც განმტკიცებულია კონსტიტუციით. და, ამდენად, აზერბაიჯანის აბსოლუტურ და თანასწორუფლებიან მოქალაქეებს წარმოადგენენ.

ამჟამად აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, ყოველმხრივ თანამშრომლობენ რა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-კულტურულ სფეროებში, სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირება მოახდინეს ჩვენი ქვეყნების ბედნიერი მომავლისთვის. ამ საქმეში, უეჭველად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახალხო დიპლომატია, ადამიანებსა და ხალხებს შორის თბილი და მეზობლური ურთიერთობა. მინდა გამოვხატო რწმენა, რომ აზერბაიჯანის ქართული სათვისტომო და თქვენ მიერ დაარსებული ნაციონალურ-კულტურული ორგანიზაცია ღირსეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ხალხების და სახელმწიფოების უფრო მეტად დაახლოების, ღრმა ისტორიული ფესვების მქონე კავშირების განმტკიცების საქმეში.

ძვირფასო თანამემამულენო!

ყველა თქვენთაგანს ვუსურვებ ბედნიერებას და კეთილდღეობას, წარმატებებს საკეტილდღეო საქმიანობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის, აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ურყევი მეგობრობისათვის.

ჰეიდარ ალიევი,

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი.