აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სიტყვა საქართველოს პრეზიდენტის სახელით აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატივსაცემად ორგანიზებულ საზეიმო ბანკეტზე - 1996 წლის 8 მარტი

ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო პარლამენტის თავჯდომარე, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის და ჩემთან ერთად საქართველოში, მის დედაქალაქ თბილისში ჩამოსული აზერბაიჯანის დელეგაციისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემმა მეგობარმა, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, დღევანდელი დღე ისტორიულ მოვლენად შეაფასა. მიმაჩნია, რომ თუ საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მიერ ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, თუ ორი რესპუბლიკის, ორი ხალხის, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურები შეხვდენენ ერთმანეთს და მიიღეს გადაწყვეტილება მომავალში უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა, ეს, მართლაც, ისტორიული მოვლენაა.

უფალმა დიდი მადლი არგუნა ჩვენს ხალხებს, ბედის განგებამ ჩვენს ხალხებს მეზობლობის, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის საშუალება მისცა. ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომლის ნაყოფი ჩვენმა წინაპრებმა, მამა-პაპებმა უკვე იხილეს. ჩვენი ამოცანაა მარადიული სიცოცხლე მივანიჭოთ ამ ტრადიციებს, გავაგრძელოთ ისინი და მომავალ თაობებს უფრო მაღალ დონეზე აყვანილი გადავცეთ. ღმერთისგან ნაბოძები ეს ბედი ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვაერთიანებდა და მეგობრული შრომით, ძმური და მეგობრული თანაცხოვრებით ნათელ და ბედნიერ დღევანდელ დღემდე მოვედით. ეს მეგობრობა, ძმობა ჩვენამდე მრავალმა თაობამ დაამყარა, ჩვენ კი ბედნიერ წილად გვხვდა ამ მეგობრული, ძმური ურთიერთობების გაგრძელება XX საუკუნის მეორე ნახევარსა და ბოლოს და მათი გადაცემა მომავალ თაობებზე.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ხალხების მჭიდრო ურთიერთობის დასადასტურებლად უთვალავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ჩვენი მოაზროვნეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მეცნიერები, მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, უბრალო ხალხი ყოველთვის მეგობრობდნენ, მძიმე დღეებში მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, ლხინშიც ერთად იყვნენ. ჩემმა მეგობარმა ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი დიდი პოეტის სამედ ვურღუნის სიტყვები გაიხსენა. მე კარგად ვიცი სამედ ვურღუნისა და გიორგი ლეონიძის გულითადი მეგობრობის შესახებ. ეს მართლაც გულწრფელი მეგობრობა იყო!

რაოდენ დიდი წვლილი შეიტანეს მათ ჩვენი ხალხების ურთიერთობებში! მათი ჩვენთვის დატოვებული მემკვიდრეობა, და, კერძოდ, ჩვენი თანამედროვეების ‑ გრიგოლ აბაშიძისა და რასულ რზას, ირაკლი აბაშიძისა და სამედ ვურღუნის ‑ მემკვიდრეობა მეტად ძვირფასია, ჩვენი მეგობრობის განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა. დღეს აზერბაიჯანის დელეგაციის შემადგენლობაში სამედ ვურღუნის ვაჟიც, იუსუფ სამედოღლიც შედის. ის ჩვენი პარლამენტის წევრი, საერთაშორისო ურთიერთობათა და საპარლამენტთაშორისო კავშირების კომისიის თავჯდომარეა.

ეს ყველაფერი ჩვენი საერთო ისტორიის მშვენიერი ფურცლებია. დღეს ჩვენც ვწერთ ისტორიას. ჩემი და ედუარდ შევარდნაძის მეგობრობას უკვე 30-წლიანი, შეიძლება მეტი ხნისაც კი, ისტორია აქვს. ედუარდ შევარდნაძე საქართველოში, მე კი - აზერბაიჯანში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრით ვართ დაკავებულნი. აზერბაიჯანის მეთაურად მე 1969 წელს ამირჩიეს, ხოლო ედუარდ შევარდნაძე კი საქართველოს მეთაურად აირჩიეს 1972 წელს. ჩვენ ერთმანეთთან გულწრფელად ვმეგობრობდით და ვთანამშრომლობდით.

მე მაღალ შეფასებას ვაძლევ ისტორიულ წარსულს, მაგრამ ამავე დროს, მიმაჩნიარომ ის პერიოდი, როდესაც ჰეიდარ ალიევი და ედუარდ შევარდნაძე, შესაბამისად, აზერბაიჯანის და საქართველოს მეთაურები იყვნენ, ყველაზე ნათელი პერიოდი იყო საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. შემდეგ ბედის განგებით ჩვენ ორივენი მოსკოვში აღმოვჩნდით. ვინაიდან მე სახელმწიფო მოღვაწეობა ამიერკავკასიაში უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე ედუარდ შევარდნაძემ, მოსკოვშიც უფრო ადრე გავემგზავრე, 1982 წლის ბოლოს. 1985 წლის შუა თვეებში კი მოსკოვში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა. მოსკოვშიც ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთხელსაყრელად ვმოღვაწეობდით.

ჩემი აზრით, ჩვენი მოღვაწეობის ძირითადი მახასიათებელია ის, რომ ჩვენი ხალხების, ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების ერთგულნი ვიყავით და ბოლომდე ერთგულნი დავრჩით.

შემდეგი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში ისევ ერთდროულად მოხდა. 1987 წელს მე მოსკოვში სამსახური მივატოვე, რამდენიმე წლის შემდეგ, 1991 წელს, შევარდნაძეც გადადგა სამსახურიდან.

მართალია, მას ჩემთან მიმართებაში ცოტა შეაგვიანდა, ამიტომაც მე მას შევუთვალე, რომ დაგვიანება კარგი არ არის, ნუ აგვიანებს. საბოლოოდ, 1991 წლის ბოლოს ედუარდ შევარდნაძე კვლავ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა.

ედუარდშევარდნაძე: ჩვენ ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული გვქონდა.

ჰეიდარალიევი: ამჯერად მან დამასწრო. მერე მეც შემატყობინეს, რომ უნდა დავბრუნდე. მაგრამ მე უარზე ვიყავი. საბოლოოდ, 1992 წელს მეც იძულებული გავხდი, ბაქოში დაბრუნებულიყავი. ამრიგად, ედუარდ შევარდნაძე საქართველოს, ჰეიდარ ალიევი კი აზერბაიჯანს კვლავ ჩაუდგნენ სათავეში. ეს, ალბათ, იშვიათი მოვლენაა ისტორიაში. მაგრამ ჩვენი ბედი და ცხოვრების გზა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

შეიძლება აღინიშნოს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში არ არის ისეთი რესპუბლიკა, რომელშიც მეთაურმა მრავალი წლის წინ დატოვა მმართველობა, შემდეგ კი უკვე სხვა ხარისხში დაბრუნდა მმართველობაში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ჩვენს ხალხს ერთგულად ვემსახურეთ და ხალხმაც ამიტომ მეორედ მოგვიწვია.

მაგალითისთვის: შეუძლია თუ არა ჩვენს ყოფილ კოლეგას გორბაჩევს, ისევ გახდეს სტავროპოლში გუბერნატორი? არ შეუძლია! ან ლიგაჩოვს შეუძლია კი გახდეს ტომსკის გუბერნატორი? ისიც ვერ გახდება! სწორედ ამაშია ჩვენი განსხვავება ამ უკანასკნელთაგან.

ჩვენ ჩვენი ხალხის მუდამ მადლიერნი უნდა ვიყოთ, იმიტომ კი არა, რომ ისევ ამ მაღალ თანამდებობაზე ვართ. არამედ იმიტომ, რომ მძიმე პროცესების პერიოდში ხალხმა არ დაგვივიწყა, ისევ დავჭირდით მას და მიგვიწვია ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელებად. მე თქვენ დროს გართმევთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ ავღნიშნო თუ რა დიდი დამსახურება აქვს ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს წინაშე და გითხრათ, თუ რა პატივისცემით სარგებლობს იგი ხალხში.

ჩემს შესახებ იმიტომ მოგიყევით, რათა იცოდეთ, რომ მე და ედუარდ შევარდნაძე მუდამ ერთად ვიყავით. ეს რომ არ მეთქვა სურათი სრულიად სხვანაირი იქნებოდა. როგორი დიდი დამსახურებაც არ უნდა გვქონოდა წარსულში, დღეს ჩვენ წინაშე მდგომი ამოცანები უფრო რთულია და ამავე დროს, უფრო მაღალი თანამდებობები გვიკავია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ედუარდ შევარდნაძე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს პრეზიდენტი, კვლავაც, როგორც წარსულში, ღირსეულად შეასრულებს თავის მოვალეობას, გამოიყვანს საქართველოს და ქართველ ხალხს დღევანდელი მძიმე ეტაპიდან და ლამაზი მომავლისაკენ წაიყვანს. ამიტომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების ახალი ეტაპი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

ედუარდ შევარდნაძის მოპატიჯება მე ამ პასუხისმგებლობის აღქმით მივიღე და ვარ აქ თქვენთან, ვარ თქვენი სტუმარი. ამ პასუხისგებლობის აღქმით დღეს დიდი კმაყოფილებით მოვაწერეთ ხელი ჩვენ სახელმწიფოებისა და მთავრობებისთვის მეტად მნიშვნელოვან და დიდი მომავლის მქონე დოკუმენტებს.

ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ აზერბაიჯანელები მეგობრობის მეტად ერთგული ხალხია. გარწმუნებთ, რომ მომავალშიც ყველაფერს ვიღონებთ, რათა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის განვითარდეს ძმური და მეგობრული ურთიერთობა.

ედუარდ შევარდნაძემ დღეს შესანიშნავად მოყვა ჩვენ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ. მე სრულად ვიზიარებ მის აზრს. მდინარე მტკვარი საქართველოს გავლით მიედინება, მაგრამ სათავეს იგი თურქეთში იღებს, შემდეგ კი კასპიის ზღვას ერწყმის. აზერბაიჯანის ნავთობი კი, ნავთობსადენების მეშვეობით, საქართველოში შევა და საქართველოს გავლით შავ ზღვასთან მივა.

გთხოვთ, ეს სასმისები საქართველოს ხალხის პატივსაცემად, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს, ქართველი ხალხის დიდი შვილის და ბრწყინვალე მეთაურის - ედუარდ შევარდნაძის, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, აქ დამსწრე საქართველოს სხვა მეთაურების, საქართველოს და აზერბაიჯანის ხალხების მარადიული მეგობრობის პატივსაცემად ავწიოთ! გმადლობთ.