აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სიტყვა მორწმუნე თანამემამულეებთან შეხვედრაზე ჯუმას მეჩეთში საქართველოში - თბილისი, 1996 წლის 9 მარტი

ძვირფასო დებო და ძმებო! ძვირფასო მეგობრებო!

მე აქ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოპატიჟებით. აი, უკვე ორი დღეა, რაც ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით ვსარგებლობთ და ვიღებთ საჭირო ზომებს ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის, ჩვენს რესპუბლიკებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

მე აქ ჩამოვედი იმის შემდეგ, რაც მოვინახულე აზერბაიჯანის გამოჩენილი მოღვაწეების - მირზა ფათალი ახუნდოვის, მირზა შაფი ვაზეხის და ფათალი ხან ხოისკის საფლავები, დავესწარი ძეგლის გახსნას აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ფათალი ხან ხოისკის საფლავზე.

ეს აზერბაიჯანელ მუსლიმანთა მეჩეთია, ალაჰის სახლია, წმინდა სახლი. მეჩეთის მონახულება, ალაჰის თაყვანისცემა, მისი ბრძანებებისადმი მორჩილება ყველა მუსლიმანი ადამიანის მოავალეობაა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ქართულ მიწაზე, ქალაქ თბილისში არსებობს ადგილი, სადაც აზერბაიჯანელებს შეუძლიათ თაყვანი სცენ ალაჰს, აქვთ თავიანთი მეჩეთი. ყოველი აზერბაიჯანელი, ყოველი მუსლიმანი მოდის ამ მეჩეთში, რათა თაყვანი სცეს ალაჰს, ილოცოს, შეასრულოს მუსლიმანის მოვალეობა. ეს დიდი ღირებულებაა. ამავე დროს ეს იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ თბილად არის განწყობილი ქართველი ხალხი აზერბაიჯანელი ხალხის, ყველა სხვა ხალხის მიმართ. ეს მოწმობს ქართველი ხალხის პატივისცემას სხვა რელიგიების მიმართ. მე ამას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ.

თქვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, საქართველოს მოქალაქენი ხართ. თქვენ მოღვაწეობთ და შემდგომშიც იმოღვაწევებთ საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში. კმაყოფილების გრძნობით აღვნიშნავ, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მეთაური გახდა, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათ მართლაც ყველა უფლება მიენიჭათ და ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. ერთ-ერთი ასეთი უფლებაა სინდისის, რწმენის თავისუფლება. დღეს ჩვენთან აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც კონსტიტუციით დამტკიცებულია ადამიანის ყველა უფლება, მათ შორის რწმენისა და სინდისის თავისუფლებაც.

აქ, ქართულ მიწაზე, თქვენ, აზერბაიჯანელმა მუსლიმანებმა დღემდე შეინარჩუნეთ თქვენი რელიგია და დღეს უფრო ფართო შესაძლებლობა გეძლევათ თქვენი რელიგიის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ეს დემოკრატიისა და თავისუფლების გავლენის ნათელ დემონსტრაციას წარმოადგენს. ამიტომ, აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მადლიერებას გამოვხატავ ქართველი ხალხისა და მისი პრეზიდენტის მიმართ.

კვლავ ვიმეორებ, თქვენ საქართველოს მოქალაქენი ხართ. საქართველოს ყველა წესი და კანონი თქვენი წესი და კანონიც არის. თქვენი მოვალეობაა აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში. თქვენი მოქალაქეობრივი ვალია ძალისხმევა არ დაიშუროთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, მონაწილეობა მიიღოთ ყველა ღონისძიებაში, რომელიც ტარდება საქართველოში ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად, თანადგომა გაუწიოთ მას.

მე მოხარული ვარ, რომ თქვენ აქ თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრობთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით და თავისუფლებებით. ამავე დროს მინდა გამოვთქვა ჩემი რწმენა იმისა, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მომავალშიც მიეცემათ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, ისინი იშრომებენ და მონაწილეობას მიიღებენ აღმშენებლობით საქმიანობაში როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ძალისხმევას არ დაიშურებენ საქართველოს რესპუბლიკის, სახელმწიფოს გასაძლიერებლად.

ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრულ, ძმურ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ურთიერთობა ურღვევია, და ჩვენ ამ დღეებში ვცდილობდით და მომავალშიც ვეცდებით განვამტკიცოთ ჩვენი მეგობრული კავშირები.

ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში. გულში ვიხუტებ, ვკოცნი საქართველოში მცხოვრებ ყოველ აზერბაიჯანელს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ ყველა თქვენგანს. საქართველოს რესპუბლიკას, ქართულ სახელმწიფოს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას ვუსურვებ. გმადლობთ.

ჩემი ამ მეჩეთში ყოფნის აღსანიშნავად, გადმოგცემთ წმინდა წიგნს, ყურანს აზერბაიჯანულ ენაზე, რათა მოგეცეთ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე წაიკითხოთ იგი. ჩემგან საჩუქრის სახით თქვენი მეჩეთისთვის მიიღეთ ხალიჩა და შეინახეთ ის სამახსოვროდ.

გმადლობთ.

აზერბაიჯანული ენიდან ქართულ ენაზე ტექსტი გადათარგმნილია გამოცემიდან "ჰეიდარ ალიევი. ჩვენი დამოუკიდებლობა მარადიულია", აზერნეშრ, ბაქო, 1998, ტომი 5, გვ. 425.