პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!
დღეს აქ, ვაშინგტონში, უზბეკეთის საელჩოში შედგა გუამ-ის ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრა. მოხდა მნიშვნელოვანი ამბავი ‑ ჩვენმა ორგანიზაციამ თავის რიგებში დიდი სიამოვნებით მიიღო უზბეკეთი. პრეზიდენტების სახელით მივესალმები უზბეკეთს და მის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს იმასთან დაკავშირებით, რომ უზბეკეთი გახდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი.
ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა დროის განვლილ პერიოდში, დავადასტურეთ, რომ განვლილმა დრომ გვიჩვენა ორგანიზაციის არსებობის აუცილებლობა და სიცოცხლისუნარიანობა. ორგანიზაცია დაფუძნებულია, უპირველეს ყოვლისა, გეოგრაფიულ პრინციპზე, ემსახურება მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნებს და უმეტესად ტრანსკავკასიური მაგისტრალის დახმარებით. განვლილ პერიოდში ბევრი გაკეთდა ტრანსკავკასიური დერეფნის გამოყენებისათვის ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის ინტერესებში, იშლება ფართო პერსპექტივა. კერძოდ, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შედგა ბაქოში გასული წლის სექტემბერში, შემუშავდა აბრეშუმის დიდი გზის შემდგომი განვითარების, ტრასეკა-ს პროგრამის რეალიზაციის ძირითადი პრინციპები.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელიც ახლახანს შევიდა ექსპლუატაციაში აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტისათვის კასპიის ზღვიდან, უკვე ამოქმედდა. 17 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ფოთი-ილიჩევსკის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი, რომელიც აფართოებს ტრანსკავკასიური მაგისტრალის შესაძლებლობებს. ყველაფერი ეს ჩვენი ორგანიზაციის რეალური მონაპოვარია. ამასთან ერთად, იგი მეტყველებს კარგ პერსპექტივაზე.
გვჯერა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემსახურება ჩვენი ქვეყნების ინტერესებს. გვჯერა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ქტიურად შეუწყობს ხელს აბრეშუმის დიდი გზის აღდგენას, რაშიც დაინტერესებულნი არიან არა მარტო ჩვენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, არამედ კიდევ 30-ზე მეტი ქვეყანა, რომლებიც გასული წლის სექტემბერში შეიკრიბნენ კონფერენციაზე ბაქოში. აი, ასეთი გრძნობებით დავასრულეთ ჩვენი შეხვედრა. ჩვენ მოვილაპარაკეთ ჩვენი ორგანიზაციის მოქმედი სამდივნოს შექმნის თაობაზე. გმადლობთ ყურადღებისათვის.
ტექსტი გადათარგმნილია ქართულ ენაზე გაზეთიდან "ბაკინსკი რაბოჩი", 1999 წლის 27 აპრილი.