პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო ედუარდ შევარდნაძე!
პატივცემულო მეგობრებო, ქართველო ძმებო და დებო!
უკვე მეორე დღეა, სტუმრად ვართ საყვარელ ქართულ მიწაზე. საქართველოს პრეზიდენტის, ჩემი მეგობრის ედუარდ შევარდნაძის, ქართველი ხალხის სტუმრები ვართ. უკვე ორი დღეა, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხების წარსული მეგობრობის ფურცლებს ვფურცლავთ. დღეს ვცდილობთ განვამტკიცოთ ეს მეგობრობა, რათა ის მომავალშიც მყარი იყოს.
ამ წუთებში ჩვენ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ბუნების მიერ ქართველი ხალხისათვის ბოძებულ ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ვიმყოფებით. დიდი სიამაყით, სიყვარულის გრძნობით აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანის დიდმა შვილებმა, დიდმა პიროვნებებმა მარადიული ძილი და მოსვენება ამ ულამაზეს ადგილას ჰპოვეს.
აქ არის აზერბაიჯანის დიდი შვილის, დიდი მოაზროვნის, მწერლის, პოეტის, მეცნიერის, ფილოსოფოსის, სახელმწიფო მოღვაწის მირზა ფატალი ახუნდოვის საფლავი. აქვეა მისი შვილების და ახლობლების საფლავები. ქედს ვიხრი მირზა ფატალი ახუნდოვის საფლავის, სულის წინაშე და კიდევ ერთხელ ვთხოვ უფალს, ნათელში ამყოფოს მისი სული.
ჩვენ ვდგავართ აზერბაიჯანელი ხალხის გამოჩენილი შვილის მირზა შაფი ვაზეხის საფლავთან. დიდია მირზა შაფი ვაზეხის წვლილი აზერბაიჯანელი ხალხის კულტურის, მეცნიერების განვითარებაში. თავისი შემოქმედებით, მოღვაწეობით მან დიდი კვალი დატოვა ისტორიაში. ჩვენ მის საფლავთან ვდგავართ. მე ქედს ვიხრი მისი საფლავის წინაშე და უფალს ვთხოვ, ნათელში ამყოფოს მისი სული.
ჩვენ აზერბაიჯანის გამოჩენილი შვილის, დიდი სახელმწიფო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის ფატალი ხან ხოისკის საფლავთან ვდგავართ და საზეიმო ვითარებაში, ჩვენს ქართველ ძმებთან ერთად, მის უკვდავსაყოფად საფლავზე ბიუსტი აღვმართეთ. აღვნიშნავთ რა მირზა ფატალი ახუნდოვის და მირზა შაფი ვაზეხის დიდ დამსახურებას აზერბაიჯანის კულტურის და მეცნიერების განვითარებაში, დღეს ჩვენ მადლიერების დიდი გრძნობით აღვნიშნავთ ფატალი ხან ხოისკის დიდ დამსახურებას ჩვენი ხალხის ცხოვრებაში, პირველი აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნაში.
1918 წელს ამიერკავკასიაში - საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში ძალიან დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის დროს ჩვენი ხალხი, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი იბრძოდა თავისი ეროვნული თავისუფლებისათვის, ავლენდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის მტკიცე ნებას. ყველა ეს დიადი მოვლენა და პოლიტიკური პროცესი ვითარდებოდა სწორედ აქ, ქართულ მიწაზე, თბილისში. აზერბაიჯანის გამოჩენილი პიროვნებები, კერძოდ ფატალი ხან ხოისკიც სწორედ აქ იბრძოდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისათვის და მას ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის.
დღეს ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სიამაყით აღვნიშნავთ 1918 წელს აზერბაიჯანში პირველი დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი დემოკრატიული მთავრობის შექმნას, სიამაყით აღვნიშნავთ და ღრმა მადლიერებით ვიხსენებთ პირველი აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის აღმშენებლებს. პირველი აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის აღმშენებლებს ‑ მამედ ემინ რასულზადეს, ფატალი ხან ხოისკის, ალიმარდან ბეი თოფჩუბაშევს, ნასიბ ბეი იუსუფბეკოვს, დიდი დამსახურება აქვთ აზერბაიჯანის ხალხის ისტორიაში, მათ საფუძველი ჩაუყარეს დამოუკიდებლობას, დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიას. ნიშანდობლივია, რომ ეს პროცესები სწორედ აქ, თბილისში განვითარდა. იმ დროს აზერბაიჯანის წარმომადგენლები ქართველ ძმებთან ერთად შრომობდნენ სამხრეთ კავკასიის სეიმის შესაქმნელად. და ბოლოს, ამ პროცესების შედეგად, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს გამოჩენილმა პიროვნებებმა მსოფლიოს ამცნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ, ორი დღის შემდეგ კი 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის გამოჩენილმა მოღვაწეებმა სწორედ აქედან, ქართული მიწიდან, ქალაქ თბილისიდან განუცხადეს მსოფლიოს პირველი აზერბაიჯანული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ.
დღეს უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან იმ დროს ბაქოში ხელისუფლებაში სომეხი დაშნაკები იყვნენ, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დივერსიებს ახორციელებდნენ და აზერბაიჯანელი ხალხის დამოუკიდებლობას დაბრკოლებებს უქმნიდნენ, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დროებით აქ, თბილისში მოღვაწეობდა. აქედან 1918 წლის ივნისში ქალაქ განჯაში 1918 წლის სექტემბერში, მან, როგორც იქნა, ქალაქ ბაქოში აფრიალდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა შეძლო გადასვლა.
იმ ძნელ და რთულ ხანაში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა აზერბაიჯანის გამოჩენილ შვილს, ფატალი ხან ხოისკის. მან ღირსეულად შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი ხალხის წინაშე.
აზერბაიჯანის პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 23 დღე იარსება. შემდეგ ის დამხობილ იქნა, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს აზერბაიჯანში სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის და დემოკრატიის პირველი მაცნე იყო, პირველი ნაბიჯები იყო ამ გზაზე. უდავოა, რომ 1991 წელს აზერბაიჯანის ხალხის მიერ ეროვნული თავისუფლების და სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს პიროვნებები, და მათ შორის ფატალი ხან ხოისკი, თავიანთი ისტორიული დამსახურებების გამო ჩვენთვის უფრო ახლობელნი და ძვირფასნი გახდნენ.
დღეს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების ისტორიული მეგობრობის მაჩვენებელი ფაქტები სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შემქმნელებმა იგი ქართულ მიწაზე დაარსეს. ისინი აქ მოღვაწეობდნენ და ქართველი ხალხის დახმარებით სარეგებლობდნენ.
სწორედ თბილისში, ქართულ მიწაზე ჰპოვეს მარადიული სასუფეველი სიკვდილის შემდეგ აზერბაიჯანის ღირსეულმა შვილებმა, მირზა ფატალი ახუნდოვმა, მირზა შაფი ვაზეხმა, ფატალი ხან ხოისკიმ. ფატალი ხან ხოისკი აქ იქნა არჩეული აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, და სწორედ აქ იქნა იგი დაკრძალული 1920 წელს, გახდა რა სომეხი ტერორისტების ტყვიის მსხვერპლი. აზერბაიჯანელი ხალხი მადლიერია და მუდამ მადლიერი იქნება ქართველი ხალხისა იმისთვისაც, რომ იგი ათწლეულებით და ასწლეულებით იცავს აზერბაიჯანის გამოჩენილი პიროვნებების, მირზა ფატალი ახუნდოვის, მირზა შაფი ვაზეხის, ფატალი ხან ხოსიკის საფლავებს.
აზერბაიჯანის გამოჩენილმა პიროვნებებმა ამ წმინდა მიწაზე სამარადჟამო განსასვენებელი ჰპოვეს, ამიტომ საქრთველოს ეს მშვნეიერი კუთხე, სადაც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით, აზერბაიჯანის ნაწილსაც წარმოადგენს.
დღეს ფატალი ხან ხოისკის საფლავთან მისი ღირსების აღმნიშვნელი ბიუსტი აღვმართეთ. მინდა აღვნიშნო შამქირის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ასლან ასლანოვის დამსახურება ამ ბიუსტის დამზადებაში, საფლავის ზედა ნაწილის შეცვლაში და მისი წესრიგში მოყვანაში. გამოვხატავ მოწიწებას, პატივისცემას და მადლიერებას ქართველი ხალხის, ქართველი ძმების, დამოუკიდებელი საქართველოს და მისი მეთაურის, ძვირფასი ედუარდ შევარდნაძის მიმართ მათი დამსახურებებისათვის აზერბაიჯანის შვილების საფლავების შენარჩუნებისათვის ამ მშვენიერ კუთხეში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ჩვენს აღტაცებას იწვევს და გვახარებს, დიდ გრძნობებს აღგვიძრავს ჩემთვის და აზერბაიჯანული დელეგაციისათვის გაწეული სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და გულითადობა ქართველი ხალხის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან საქართველოში ჩვენი გუშინ დაწყებული ოფიციალური ვიზიტის დროს. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. ეს დღეები, წუთები, ეს ჩვენი შეხვედრა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმური და მეგობრული ურთიერთობების ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელი იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადგილი, ეს კუთხე, აზერბაიჯანის გამოჩენილი პიროვნებების, შვილების საფლავები გახდება ტაძარი როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე ჩვენი ქართველი ძმებისათვის. როგორც საქართველოში მცხოვრები, ასევე საქართველოში სტუმრად ჩამოსული აზერბაიჯანელები მუდამ მოინახულებენ ამ ადგილს და იგი გახდება აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული, ძმური ურთიერთობების მარადიული სიმბოლო.
მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი აზერბაიჯანის გამოჩენილი პიროვნებების, მირზა ფატალი ახუნდოვის, მირზა შაფი ვაზეხის, ფატალი ხან ხოისკის საფლავების, სულების წინაშე. ნათელში ამყოფოს უფალმა მათი სულები. აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს ვუსურვებდი, ღირსეულად მოაგვარონ მათ წინაშე მდგარი საკმაოდ რთული და მძიმე ამოცანები. ვუსურვებ ბედნიერებას ჩვენს ხალხებს, წარმატებებს ყველა საქმეში, ახალ მიღწევებს აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ბატონო შევარდნაძევ, ძვირფასო მეგობარო, ძმაო, მადლობელი ვარ, რომ დღეს ერთად ვართ, აზერბაიჯანის შვილებისადმი ღრმა პატივისცემისა და მოწიწებისათვის. დიდი მადლობა!