აზერბაიჯნის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სიტყვა აზერბაიჯანის დედაქალაქის მახლობლად სანგაჩალის სანაპირო ტერმინალზე ბაქო, თბილისი, ჯეიხანის მთავარი საექსპორტო მილსადენის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიალზე - 2002 წლის 18 სექტემბერი

თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო, ახმედ ნეჯდეთ სეზარ!

თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო საქართველოს პრეზიდენტო, ედუარდ შევარდნაძე!
 
პატივცემულო ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრო, სპენსერ აბრაჰამ!
 
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, სტუმრებო!
 
ყველას გულითადად მოგესალმებით აზერბაიჯანში და დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც აქ შეიკრიბა ამ დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
 
დღეს ტარდება ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობისათვის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი, რამაც ყველანი შეგვკრიბა აქ, მათ შორის ისინიც, ვინც აზერბაიჯანში შორეული ქვეყნებიდან ჩამოვიდა, რათა ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ამ ზეიმში. ეს მსხვილი პროექტი უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მსოფლიო საზოგადოება რამდენიმე წელია მას იხილავს.
 
ამ პროექტს საფუძველი ჩაეყარა 1994 წელს, აზერბაიჯანის ნავთობის სტრატეგიის განხორციელების დასაწყისში, როცა 1994 წლის 20 სექტემბერს აზერბაიჯანში, ბაქოში, კასპიის ზღვის აზერბაიჯანის კუთვნილ სექტორში მდებარე საბადოების "აზერი", "ჩირაგი", "გუნეშლი" ერთობლივი ათვისების მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის დაიდო ხელშეკრულება. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ მსოფლიოში ფართო გამოხმაურება გამოიწვია და შემთხვევითი არ არის, რომ მას "საუკუნის კონტრაქტი" ეწოდა. ამ ხელშეკრულების ხელმოწერისას ჩვენ, ბუნებრივია, "აზერი", "ჩირაგი", "გუნეშლის" საბადოებიდან მომავალში წელიწადში 50 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ამოღებას ვგეგმავდით. მაგრამ საჭიროა ამოღებული ნავთობის გატანა მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის სხვადასხვა გზები და სხვადასხვა მარშრუტები არსებობდა. მაგრამ ჩვენ - აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ჩვენს მეგობრებთან - თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოსთან ერთად და, ბუნებრივია, ამ პროექტში მონაწილე კომპანიებთან ერთად გადავწყვიტეთ მომავალში მოპოვებული ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის საშუალებით მივაწოდოთ თურქეთის ხმელთაშუა ზღვაზე განლაგებულ ჯეიხანის ნავსადგურში.
 
ამ გადაწყვეტილებამ ბევრი კამათი გამოიწვია, რადგან იმ დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ ჩვენ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების წინააღმდეგ და არ ეთანხმებოდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მარშრუტით მილსადენის გაყვანას. ეს ცნობილია. ჩვენ, აზერბაიჯანს, პირველ რიგში გვიშლიდნენ ხელს, რადგან ჩვენ ნავთობის მფლობელები ვართ და თვითონ ვწყვეტთ, თუ რა მარშრუტით მოხდება ნავთობის ექსპორტირება.
 
ჩვენზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ. იმ დროს აზერბაიჯანში საზოგადოებრივი მდგომარეობა სტაბილური არ იყო. 1993 წელს აქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ჩვენ ამ ყველაფერს წინ აღვუდექით და ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. მაგრამ ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ჩვენს შორისაც იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც საზღვარგარეთის სხვადასხვა ორგანოებს ემსახურებოდნენ.
 
ისინი გამოთქვამდნენ თავის აზრს ამ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე. თქვენთვის ეს საინტერესო უნდა იყოს, რადგან 1994 წლის 20 სექტემბერს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. ერთი დღის შემდეგ მოეწყო ოთხი საშიში დამნაშავის გაქცევა აზერბაიჯანის ნაციონალური უშიშროების სამინისტროს იზოლატორიდან. ერთი კვირის შემდეგ ტერორისტული აქტი მოუწყეს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. იგი მოკლეს. მოკლეს პოლკოვნიკი, აზერბაიჯანის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი. ასეთი ტერორის მოწყობით ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ. მაგრამ ჩვენ არ შევშინდით.
 
ისინი კი თავიანთ ქმედებებს განაგრძობდნენ. ისეთმა ადამიანმა, როგორიცაა სურათ ჰუსეინოვი, რომელსაც იმ დროს აუცილებლობის გამო ჩემ გვერდით სახელმწიფო მინისტრის თანამამდებობა ეკავა, ოთხ ოქტომბერს სცადა აზერბაიჯანში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო. ჩვენ მას წინ აღვუდეგით. პირველ რიგში ხალხის მხარდაჭერით. 1995 წლის მარტის თვეში მათ კვლავ სცადეს შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ჩვენ ესეც აღვკვეთეთ. ამის შემდეგ შეეცადნენ ზოგიერთ ადგილზე ტერორისტული აქტი მოეწყოთ - ხიდის აფეთქება, დივერსიის ჩატარება. ჩვენ დიდი დანაკარგი გვქონდა, მაგრამ ყოველივე ამას წინ აღვუდექით.
 
ჩემთვის ცნობილია, რომ სწორედ იმ დროს, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტი შევიმუშავეთ, ჩემს მეგობარს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ტერორისტული აქტი მოუწყეს და იგი სასწაულებრივად გადარჩა.
 
ყველაფერი ეს და ჩვენზე წარმოებული პოლიტიკური ზეწოლა, სხვადასხვა ქმედებები იმით იყო განპირობებული, რომ ჯერ ერთი მათ არ სურდათ მიეღოთ ნავთობის ხელშეკრულება, ეს საქმე კასპიის ზღვაში პირველად იქნა წამოწყებული. მეორეც, ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის გაყვანის წინაამღდეგ გამოდიოდნენ. აი, ასეთ ვითარებაში წამოვიწყეთ ჩვენი საქმე, ყველას დავანახეთ ჩვენი უდრეკი ნებისყოფა და არჩეულ გზას არ გადავუხვიეთ.
 
1999 წელს "ჩირაგის" საბოდოდან ამოვიღეთ პირველი ნავთობი. ადრე მის ტრანსპორტირებას ვახდენდით ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით რუსეთში, შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკის ნავსადგურის გავლით. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვყავდა დასავლეთის მარშრუტი - ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელიც უმოკლეს ვადაში გადავეცით ექსპლუატაციაში. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის მარშრუტით ამ მილსადენით ხდება.
 
მაგრამ ყოველივე ეს პირველადი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის კეთდებოდა, ხოლო ჩვენ მიერ გათვალისწინებული დიდი ნავთობისთვის საჭირო იყო ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი. ჩვენ თანმიმდევრულად, სწრაფი ტემპით, შეუჩერებლად ვმუშაობდით ამ პროექტზე, ვიყენებდით ყველა ჩვენს შესაყლებლობას. თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ამ საქმეში ერთად იყვნენ, ერთად მუშაობდნენ ამ საკითხზე. მაგრამ აშშ-ს მთავრობის მუდმივი თანადგომა, რჩევები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამას ვერ მივაღწევდით.
 
შემთხვევითი არ არის, რომ 1999 წლის ნოემბრის თვეში სტამბულში, ეუთოს სამიტზე ჩვენ - თურქეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მთავარი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების თაობაზე. გარდა ამისა, ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელსაც შეუერთდა და ხელი მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ ქლინტონმა. და ამანაც შეუწყო ხელი ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის მშენებლობის რეალიზაციას.
 
მე თქვენ ეს პატარა ისტორია უნდა გაგაცნოთ, ვინაიდან აუცილებელია იცოდეთ, თუ რა გავაკეთეთ 8 წლის განმავლობაში, რა სიძნელებს წავაწყდით და რა წინაამღდეგობები გადავლახეთ.
 
და ბოლოს, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ჯეიხნის მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესები. პრობლემები მის დაფინანსებაშიც არსებობდა. მაგრამ ჩვენ ესეც მოვაგვარეთ. ამჟამად ამ საქმეს აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო "ბი-პი" ხელმყღვანელობს. მათ უკვე მოამზადეს ყველა გეგმა. ამიტომაც მოგვიწვიეს აქ საძირკვლის ჩასაყრელად.
 
მინდა გაცნობოთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის ოპონენტები ხშირად ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა, რაღაც შეუსრულებელი, რომ აზერბაიჯანში ამდენი ნავთობი არ არსებობს და არც არასოდეს იქნება. ასე ხშირად ლაპარაკობდნენ. დიდი დრო გავიდა, ამიტომ ზოგიერთს ამ მითქმა-მოთქმისა სჯეროდა. მაგრამ ყველაფერი ეს საფუყველს მოკლებული იყო. ჩვენ ჩვენი საქმე შევასრულეთ.
 
ამ რამდენიმე ხნის წინ სტამბულში შედგა კონფერენცია სახელწოდებით "სამი ზღვის ლეგენდა". იქ ლეგენდის შესახებ მიდიოდა საუბარი. მე იქ მოხსენებით გამოვედი, ვთქვი: თქვენ აქ ლეგენდაზე ლაპარაკობთ. მე კი მინდა გითხრათ, რომ ეს ილუზია არ არის, არ არის ლეგენდა. სამი ზღვა კასპიის ზღვა, შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა ერთმანეთს დაუკავშირდება. მათი შეერთება განახორციელეს თურქეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა, მათ მიერ განხორციელებულმა პროექტმა და აშშ-ს მუდმივმა თანადგომამამ. ამიტომ ილუზიები უკან დარჩა და ჩვენ რეალობას მივუახლოვდით.
 
თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახსრები იქნება ჩადებული აქ, თუ რა სამუშაო ჩატარდება. მე ამის შესახებ არ მინდა ვილაპარკო. მინდა მხოლოდ აღვნიშნო, რომ ყველა ეს პროექტი აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარებაზე არის მიმართული. დღეს აქ ხელი მოეწერება დოკუმენტს აზერი, ჩირაგი, გუნეშლის საბადოების ათვისების მეორე ფაზის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ძალზედ დიდი ინვესტიციები მოიყრის თავს, სამუშაოები სწრაფი ტემპით განვითარდება.
 
მიგვაჩნია, რომ 2005 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მთავარი საექსპორტო ნავთობსადენი მთლიანად იქნება მზად და ჩვენ ყველანი ერთად აქედან თურქეთის ჯეიხანის ნავსადგურში წავალთ და იქ აზერბაიჯანის, კასპიის ნავთობის ჯეიხანის ნავსადგურიდან გადაზიდვის მოწმენი გავხდებით.
 
როგორც უკვე აღვნიშნე, ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტის დაფინანსებაში გარკვეული პრობლემები არსებობდა. აზერბაიჯანმა ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა, ჩვენ მისი დაფინანსების 25 პროცენტი ჩვენს თავზე ავიღეთ. დანარჩენი კი სხვადასხვა კომპანიებს შორის განაწილდა. მაგრამ საგულისხმოა, რომ ამ პროექტს 2,5 პროცენტით კომპანია "ენი", შემდეგ კი კომპანია "ტოტალიც" შეუერთდა. დღეს შემატყობინეს, რომ პროექტს 2,5 პროცენტით იაპონიის კომპანია "იტოჩუ" შეუერთდა, ხოლო გუშინ 2,5 პროცენტით იაპონიის კომპანია "ინპექსი". რას იმას ნიშნავს, რომ ამ მილსადენით სარგებლობა სურს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ ყველას.
 
როცა თავის დროზე ხელს ვაწერდით სტამბულში შეთანხმებას, მის ქვეშ ხელი მოაწერა აგრეთვე ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმაც, რომელმაც თქვა, რომ ყაზახეთიც გამოიყენებს ამ მილსადენს. ჩემთვის ცნობილია, რომ ამჟამად უცხოური კომპანიები ყაზახეთშიც ბევრს მუშაობენ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ჩვენს პროექტთან მათი შემოერთება და მასში ინვესტიციების ჩადება გვიჩვენებს, რომ მართლაც კასპიის სხვადასხვა სექტორების ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენით გავა საექსპორტოდ.
 
მინდა გაცნობოთ, რომ 2007-2008 წლებში აზერი, ჩირაგი, გუნეშლის საბადოებიდან დაახლოებით 50 მილიონი ტონა ნავთობი იქნება ამოღებული. მაგრამ კასპიის ზღვაში ჩვენ სხვა საბადოებიც გაგვაჩნია. ჩვენ მრავალ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. 30 ქვეყნის კომპანიასთან 21 ხელშეკრულება გვაქვს დადებული. რა თქმა უნდა, ისინიც ნავთობს ამოიღებენ, ჩვენც მათთან ერთად ვმუშაობთ. ამიტომ მომავალში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის ტევადობაც კი საკმარისი არ იქნება. საჭირო გახდება მისი გაფართოება ან მეორე მილსადენის გაყვანა.
 
ყველაფერი, რაზედაც მე ვლაპარაკობ, მომავალს ეხება. ეს ჩვენი ხალხის მომავალია. ჩვენი საქმიანობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის მიერ სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თქვენთვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ნავთობის უძველესი ქვეყანაა. აზერბაიჯანში ნავთობის ამოღება სამრეწველო გზით 150 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ნავთობი აზერბაიჯანელ ხალხს არ ეკუთვნოდა. კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის ყველა საბადო აზერბაიჯანელი მეცნიერებისა და გეოლოგების მიერაა აღმოჩენილი, მაგრამ ჩვენ მისი მფლობელები არ ვყოფილვართ. ახლა ჩვენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო საკუთარი რესურსების ბატონ-პატრონნი ვართ. ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობას ჩვენთვის საჭირო ქვეყნებთან და ასეთ საქმიანობას ვეწევით. მაგრამ რიგში დგას მეორე მილსადენიც. შაჰდენიზის საბადოდან, რომლის მარაგი შეადგენს გაზის ერთ ტრილიონ კუბომეტრს, გაყვანილი იქნება ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი.
 
ასე რომ, მილსადენების რიცხვი მატულობს. ბუნებრივია, რომ მათ მეტად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ. მაგრამ არა მხოლოდ ეკონომიკური. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაო (ბაქო-თბილისი-ჯეიხანი) პოლიტიკურ ხასითსაც ატარებს. ეს პროექტი და მისი განხორციელება კავკასიის რეგიონში თავისუფლების, მშვიდობის, უშიშროების გარანტია გახდება. ეს მილსადენი, ფოლადის ეს მილები აზერბაიჯანს, თურქეთს და საქართველოს კიდევ უფრო დააკავშირებს ერთმანეთთან.
 
ჩვენ მეგობარი სახელმწიფოები ვართ. თურქეთი ჩვენი მოძმე და მეგობარი ქვეყანაა. საქართველო ჩვენი მოძმე სახელმწიფოა, ასევე ჩვენც მათთვის მოძმე სახელმწიფო ვართ. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. მაგრამ ჩვენ ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო განვამტკიცებთ. ერთ-ერთი ასეთი შემაკავშირებელი გახდება ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენი. ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხებში კვლავაც მხარს დაგვიჭერენ. ამიტომ ამ ცერემონიალზე მადლობას მოვახსენებ თურქეთის რესპუბლიკას, მის პრეზიდენტს, პატივცემულ ახმედ ნეჯდეთ სეზარს. მადლობას მოვახსენებ საქართველოს, მის პრეზიდენტს, პატივცემულ ედუარდ შევარდნაყეს. მადლობას მოვახსენებ ამერიკის შეერთებული შტატებს, მის პრეზიდენტს ბატონ ჯორჯ ბუშს.
 
სულ ახლახანს ბატონ ჯორჯ ბუშისაგან გულთბილი წერილი მივიღე, რომელშიც მაღალი შეფასება ეძლევა აზერბაიჯანის საქმიანობას ანტიტერორისტულ კოალიციაში. გასული წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი საშინელი ტერორისტული აქტების შემდეგ ჩვენ ანტიტერორისტულ კოალიციას შევუერთდით. ამ კოალიციაში ჩვენს მისიას ვასრულებთ და მომავალშიც შევასრულებთ. ამჟამად აღნიშნულ სფეროში ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ვანვითარებთ, უფრო მაღალ ხარისხობრივ დონეზე აგვყავს.
 
გუშინ პატივცემულმა მინისტრმა ჩემთან საუბრისას პრეზიდენტ ბუშის გულითადი სალამი და თბილი სიტყვები გადმომცა. ყოველივე ამისათვის და ზოგადად ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის რეალიზაციაში მხარდაჭერისათვის მადლობას მოვახსენებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ხალხსა და პრეზიდენტს ბატონ ბუშს.
 
ძვირფასო მეგობრებო!
 
ყვირფასო სტუმრებო!
 
კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ყველას ჯანმრთელობას გისურვებთყ ბაქო-თბილისი-ჯეიხანი უსათუოდ წავა წინ!
 
გადათარგმნილია გაზეთიდან "ბაკინსკი რაბოჩი", 2002 წლის 19 სექტემბერი.