აზერბაიჯანის რესპუბილიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მოხსენება სუფსაში, ბაქო,სუფსის ნავთობსადენის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე - 17 აპრილი 1999 წელი


scotch egg
scotch egg
scotch egg
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb

თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო საქართველოს პრეზიდენტო, ედუარდ შევარდნაძე!

თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო უკრაინის პრეზიდენტო, ლეონიდ კუჩმა!
 
ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო და სტუმრებო!
 
გულითადად მოგესალმებით და ამ სასიამოვნო შეხვედრასთან დაკავშირებით უდიდეს სიხარულს გამოვხატავ. გულითადად მივესალმები ქართველ ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას.
 
დღეს ჩვენ ერთ-ერთი ისტორიული მოვლენის მოწმენი ვართ. დასრულდა ბაქო-სუფსა ნავთობსადენის აგების უაღრესად შრომატევადი სამუშაო და დღეს საზეიმოდ აღვნიშნავთ მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული, კასპიის ზღვის ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერის გამგზავრებას.
 
საუკუნის დასაწყისში გაყვანილ იქნა ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი. ეს იყო პირველი ნავთობსადენი ევროპაში. ახლა მე-20 21-ე საუკუნეების გასაყარზე გავიყვანეთ ნავთობსადენი ბაქო-სუფსა, რომელიც აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირებას უზრუნველყოფს. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს, აზერბაიჯანის და აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიაში შემავალ ნავთობკომპანიათა ერთობლივი ძალისხმევით. ეს არის ლოგიკური შედეგი ჩვენი მცდელობისა, რომელიც დაიწყო 1995, 1996, 1997 წლებში. ეს არის პრაქტიკული განხორციელება "საუკუნის კონტრაქტისა", რომელსაც ხელი მოეწერა აზერბაიჯანში 1994 წლის 20 სექტემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელ 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის. 1994 წლის 20 სექტემბერს დადებული "საუკუნის კონტრაქტი" წარმოადგენს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობის ახალი სტრატეგიისა და დოქტრინის დასაწყისს.
 
აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის უძველესი ქვეყანაა. 50 წლის წინ აზერბაიჯანმა მსოფლიო პრაქტიკაში პირველად დაიწყო ზღვის სიღრმიდან ნავთობის ამოღება სამრეწველო გზით. 1949 წლის ნოემბერში კასპიის ზღვაში "ნეფდაშლარის" (ნავთობის ქვები) მიდამოებში ნავთობის ძლიერმა შადრევანმა ამოხეთქა, რამაც მსოფლიოს ნავთობის მოპოვების ახალი ხანის დასაწყისი აუწყა.
 
ჩვენს დროში აზერბაიჯანი ითვლება კასპიის ზღვიდან ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის ამოღების ინიციატორად, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ნავთობკომპანიების მონაწილეობით. 1994 წელს დადებულმა "საუკუნის კონტრაქტმა" დაუდო სათავე ნავთობის ამ დოქტრინის განხორციელებას. ეს არ იყო ადვილი. ხელშეკრულების ხელმოწერისა და განხორციელების პერიოდში დიდ სიძნელეებს გავუძელით, დიდი წინაამღდეგობების გადალახვა მოგვიხდა.
 
ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც დიდ სი ძნელეებს, ტრაგიკულ შემთხვევებსაც კი გადავაწყდით. იცოდეთ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანში ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეების წინაამღდეგ ტერორისტული აქტები განხორციელდა. რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, რაც ზოგიერთი ქვეყნის სპეციალური სამსახურებისა და შიდა რეაქციის მიერ იყო მომზადებული.
 
მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. რამდენიმე თვის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განმეორდა. შემდეგ იყო ტერორისტული აქტების მცდელობათა მთელი სერია. ყველაფერი ეს უკავშირდებოდა იმას, რომ დამოუკიდებელმა აზერბაიჯანმა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. აზერბაიჯანი თავისი ბუნებრივი რესურსების, ნავთობისა და გაზის სიმდიდრის გამოყენებას თავად შეუდგა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს განეხორციელებინა დასავლეთის ნავთობკომპანიებთან ერთად და ამით საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანში და მთლიანად კასპიის ზღვის აუზის მიდამოებში უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.
 
ჩვენ გადავლახეთ ყველა სიძნელე. "საუკუნის კონტრაქტი" ხორციელდება. 1997 წლის ნოემბერში "ჩირაგის" საბადოდან ამოვიღეთ პირველი ნავთობი და დავიწყეთ მისი ტრანსპორტირება ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით. ეს ნავთობსადენი რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად სპეციალურად ამისათვის იყო გაყვანილი.
 
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის მიმართულებას ვგეგმავდით, აუცილებლად მივიჩნიეთ დასავლეთის მიმართულების ალტერნატიული ნავთობსადენის არსებობა. მინდა აღვნიშნო, რომ ამას ზოგიერთ წრეებში, ზიგიერთ ქვეყნებში დიდი უკმაყოფილებით, პროტესტით შეხვდნენ. მაგრამ ჩვენსას მივაღწიეთ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტირება დავიწყეთ და მილსადენის მაქსიმალური სისწრაფით პრაქტიკული აშენებისათვის საქმის ორგანიზებას შევუდექით.
 
დღეს დიდ სიხარულს განვიცდი, რადგან ნავთობის ამოღებისა და ექსპორტირებისათვის შემუშავებული დიდი პროგრამის განხორციელება შევძელით ოთხ წელზე ცოტა მეტ დროში.
 
ბუნებრივია, ყოველივე ეს ერთობლივი ძალისხმევით შევძელით რა თქმა უნდა, მოვაწერეთ რა ხელი პირველ ხელშეკრულებას 1994 წელს, ამ საქმეს მსოფლიოს მრავალ კომპანიასთან ერთად ვაგრძელებთ. მსოფლიოს ნავთობკომპანიათა ეს მხარდაჭერა, მათი დიდი ინტერესი ბუნებრივი რესურსებისადმი, კასპიის ზღვაში არსებული ნახშირწყალბადოვანი ნედლეულისადმი, რომელიც აზერბაიჯანის კუთვნილ სექტორში მდებარეობს, ეს უცხოური ინვესტიციები ამ გეგმის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფენ.
 
1994 წლის სექტემბრის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ხელი მოაწერა კიდევ 15 დიდ კონტრაქტს, რომლებიც ითვალისწინებენ კასპიის ზღვის აზერბაიჯანის კუთვნილ სექტორში და ხმელეთზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების ერთობლივ ათვისებას ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 14 ქვეყნის წარმომადგენელი 32 მსხვილი ნავთობკომპანია ეს არის ჩვენი უდიდესი საქმე კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების გადამუშავებისათვის ინვესტიციის მოზიდვის სფეროში. ამ ინიციატივის გამოჩენით ჩვენ სტიმული მივეცით ნავთობისა და გაზის მოპოვების საქმეს კასპიის ზღვის სხვა სექტორებშიც. დიდი სამუშაო მიმდინარეობს ყაზახეთის, თურქმენეთის, რუსეთისა და ირანის სექტორებშიც. ჩვენ ყოველივე ამას მივესალმებით, რადგან კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის ძალზე დიდი მარაგია, რომელიც საკმარისია ყველა კასპიისპირა ქვეყნისათვის. ყოველ ქვეყანას კასპიის ზღვაში თავისი სექტორი გააჩნია და იგი ამ სექტორში მდებარე ბუნებრივი რესურსების პატრონია. აზერბაიჯანი თავისი სექტორის საზღვრებში მოქმედებს. აზერბაიჯანის სექტორში ნავთობისა და გაზის დიდი რესურსები არსებობს.
 
მტრულად განწყობილმა ზოგიერთმა წრეებმა, რომლებმაც ხელი ვერ შეუშალეს ნავთობის ჩვენი სტრატეგიის განხორციელებას, დაიწყეს სხვადასხვა აზრების, ჭორების გამოგონება და გავრცელება, აქაოდა აზერბაიჯანს მსოფლიო ერთობისათვის ცრუ ინფორმაცია მიუწოდებია, ვითომდა კასპიის ზღვაში არ არსებობს ნავთობის ისეთი მარაგი, რამდენსაც ვარაუდობდნენ და ვითომ ზოგიერთი ნავთობკომპანია კასპიის ზღვისა და, კერძოდ, აზერბაიჯანის სექტორისადმი ინტერესს კარგავს. ეს ტყუილია, მოგონილია!
 
ბუნებრივია, რომ ეს უსაფუძვლო ინფორმაცია საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლის. იმისათვის, რომ ამ საკითხს ნათელი მოვფინო, საჭიროა აღვნიშნო, რომ ხელმოწერილი 16 ხელშეკრულების განხორციელებისათვის აზერბაიჯანში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ამ საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობის მოცულობა 4 მილიარდი ტონიდან 10 მილიარდ ტონამდეა განსაზღვრული. მაგრამ ეს მხოლოდ პირველადი მონაცემებია. სხვათაშორის, ჩვენთან კასპიის ზღვაში და ხმელეთზე ამთვისებელთა მოლოდინში ნავთობის მრავალი საბადოა. ახლო მომავალში ამერიკის ნავთობკომპანიებთან მსხვილი ხელშეკრულების დადებას ვაპირებთ. აი ეს არის პასუხი იმ ჭორებზე, რომლებსაც ავრცელებენ ზოგიერთი ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა წყაროები.
 
ამრიგად, 1994 წელს დაწყებული სამუშაოები თავის პრაქტიკულ შედეგებს უკვე იძლევა. ამისი ბრწყინვალე მაგალითია ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, აქ აშენებული მშვენიერი ტერმინალი, შესანიშნავი პირობები წარმატებული მუშაობისათვის და ნავთობის უწყვეტი ამოქაჩვისათვის, მისი მსოფლიო ბაზარზე გადაზიდვისათვის.
 
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ბრწყინვალე ნიმუშს. ჩვენი ხალხები ყოველთვის წარმატებით და ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ჩვენი დიდი სიმდიდრეა. ჩვენ ამ მეგობრობას ვიცავთ, ახალ პირობებში ვანვითარებთ და ვაფართოვებთ.
 
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალი მაგალითი არსებობს, მაგრამ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი დღევანდელ პირობებში ამ თანამშრომლობის მწვერვალია.
 
ამავე დროს ჩვენს თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია. გასული წლის ოქტომბრის თვეში ანკარაში ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ. სულ ახლახანს, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული კვლევების ცენტრმა სტამბულში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტის განხილვა მოაწყო. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დღევანდელი თათბირის მონაწილეებმა ბატონმა მორნინგსტარმა და ბატონმა კალიტსკიმ, თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. იქ ხელი მოეწერა პროტოკოლს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც ითვალისწინებდა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობის განხორციელებისთვის კონკრეტული პრაქტიკული ღონისძიებების გატარებას. დადგინდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტის განხორციელების მორიგ ეტაპზე გადასვლისთვის საჭიროა სამი თვის ვადაში შესწავლილ იქნეს ყველა ტექნიკური და ფინანსური საკითხი.
 
მეორე მნიშვნელოვანი პროექტი ითვალისწინებს თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირებას თურქეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. შეთანხმებას თურქეთსა და თურქმენეთს შორის ამის შესახებ ხელი მოეწერა გასული წლის ოქტომბრის თვეში და ახლა ხორციელდება ამ პროექტის რეალიზაცია. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საქართველოსა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
 
ერთი სიტყვით, წინ დიდი საქმეები გველის. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი, თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გაზსადენი - ეს უდიდესი პროექტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს თანამშრომლობას, და განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას.
 
მინდა აღვნიშნო, რომ ყოველივე ამაში მეგობრების მხარდაჭერასა და კეთილმოსურნეობას ვხვდებით. ამ მეგობრებს შორისაა უკრაინა და მისი პრეზიდენტი, დიდად პატივცემული ლეონიდ დანილის ძე კუჩმა.
 
აზერბაიჯანის და საქართველოს თანამშრომლობა უკრაინასთან, ამ საქმეში პრეზიდენტ ლეონიდ დანილის ძე კუჩმას აქტიური მხარდაჭერა მეტად დიდ როლს ასრულებს. ჩვენი ძალისხმევის შედეგად კასპიის ზღვა და შავი ზღვა ეკონომიკური თვალსაზრისით ერთმანეთს დაუკავშირდნენ. უკრაინა და საქართველო შავ ზღვაზე, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, რუსეთი და სხვა კასპიისპირა ქვეყნები ჩვენი რეგიონის დიდი პროექტების განხორციელებისათვის ერთმანეთს კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდნენ.
 
მთელი ეს მუშაობა, მოცემულ შემთხვევაში კი ბაქო-სუფსის ნავთობსადენი კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი შენატანია. ჩვენ ძალიან გვQირდება მშვიდობა. ჩვენ მშვიდობიანი კავკასია, სტაბილურობა გვჭირდება. ბოლო უნდა მოვუღოთ შეიარაღებულ კონფლიქტებს, საჭიროა დავამყაროთ კარგი და კეთილი ურთიერთობები კავკასიის ქვეყნებსა და ჩვენი რეგიონის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის. ამ თვალსაზრისით ბაქო-სუფსის ნავთობსადენი წარმოადგენს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს.
 
ყოველივე ამაზე საუბრისას, უსამართლობა იქნებოდა არ აღმენიშნა იმ მრავალი ქვეყნის მხარდაჭერა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კასპიის ზღვაში არსებული ნახშირწყალბადოვანი რესურსებით, განსაკუთრებით ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც მივიღეთ 1994 წელს "საუკუნის კონტრაქტის" ხელმოწერის დროს. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც მივიღეთ "ბაქო-სუფსის" დასავლეთის მარშრუტის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტისას. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ვიღებთ ახლა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობის დროს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევის წყალობით რეალობად იქცა თურქმენეთი-თურქეთის ტრანსკასპიის გაზსადენის პროექტი. დიდ სიხარულს ვგრძნობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ამ საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით მოლოცვა გამოგვიგზავნა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ამან კარგი საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის თანამშრომლობას დასავლეთის, ევროპის, ევროკავშირის ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებული შტატებთან. ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და შემდგომში ყველა ზომას მივიღებთ, რათა მომავალში ეს თანამშრომლობა უფრო წარმატებული გახდეს.
 
ძვირფასო მეგობრებო, გულითადად ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტს, ჩემს მეგობარს ედუარდ შევარდნაძეს, მთელ ქართველ ხალხს, აქ შეკრებილ ყველა მეგობარს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. ყვირფასო მეგობრებო! გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას და ახალ წარმატებებს.
 
აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიას ვულოცავ იმ ფრიად კარგ შედეგებს, რომელსაც მან მიაღწია "საუკუნის კონტრაქტის" განხორციელებისას, ბაქო-ნოვოროსიისკის, ბაქო-სუფსის ნავთობსადენების მშენებლობისას. მოკლე ვადაში შესრულებულია უდიდესი სამუშაო. მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალები, რომლებიც ჩვენი გეგმების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, მაშინ ამბობდნენ, რომ ეს პროექტი არარეალურია, განუხორციელებელია. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შესრულდება ხუთი წელი კონტრაქტის დადების დღიდან, მაგრამ შეხედეთ, რა დიდი სამუშაოა შესრულებული და როგორი დიდი საძირკველია ჩადებული იმისათვის, რომ ეს სამუშაოები კვლავაც გაგრძელდეს. დიდი მადლობა აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის კონსორსიუმში შემავალ ყველა კომპანიას და ამ კომპანიათა ხელმძღვანელებს.
 
გულითადად მივესალმები ლეონიდ დანილის ძე კუჩმას აქ, საქართველოში და ამავე დროს აზერბაიჯანში - ეს ფაქტიურად ერთი და იგივეა. საქართველოში ყოფნა აზერბაიჯანში ყოფნასაც ნიშნავს. მივესალმები მას და მოხარული ვარ, რომ მან დიდი ყურადღება გამოიჩინა ამ მოვლენისადმი. მოხარული ვარ, რომ უკრაინას თავისი გეგმები გააჩნია კასპიის ზღვის რესურსების ათვისების საქმეში. მიმაჩნია, რომ ოდესა-ბროდის და იქიდან კი პოლონეთისაკენ გასაყვანი ნავთობსადენი რეალობას წარმოადგენს და ჩვენ ეს რეალობა მხედველობაში უნდა ვიქონოთ და ვიმუშაოთ მისი ხორცშესხმისათვის. ამიტომაც უკრაინის პრეზიდენტის, პატივცემული ლეონიდ კუჩმას მონაწილეობა აქ სავსებით კანონზომიერია და ამავე დროს ყოველი ჩვენთაგანისათვის მეტად სასიხარულო მოვლენაა.
 
ყველას გულითადად გილოცავთ და მჯერა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი იცოცხლებს და იმუშავებს მთელი 21-ე საუკუნის განმავლობაში.
 
დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას.
 
გაზეთი "ბაკინსკი რაბოჩი", 1999 წლის 20 აპრილი.