ედუარდ შევარდნაძე: ჩემო პატივცემულო მეგობარო, ძმაო, პრეზიდენტო ჰეიდარ ალიევ! ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ჩამოსვლა საქართველოში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! საქართველოში თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. გულითად მადლობას გამოვხატავ ჩემი მოწვევის მიღებისა და თბილისში ოფიციალური ვიზიტით მობრძანებისათვის. ეს ვიზიტი ხარისხობრივად ახალ სტადიას გახსნის ჩვენს დამოუკიდებელი სახელმწიფოების ურთიერთობების განვითარებაში.
ჰეიდარ ალევი: მადლობას გიხდით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოპატიჟებისათვის, გულწრფელი, კეთილი დამოკიდებულებისათვის ჩემდამი და აზერბაიჯანის დელეგაციისადმი. მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდი ძვირფას მეგობარსა და ძმას. ჩვენ დღეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და საქართველოს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაღრმავების შესახებ, რეგიონალური, საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე ყოველმხრივ ფართო დისკუსიას გავმართავთ.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ საკითხებზე, რომლებიც ეხება კასპიის მდიდარი ნახშირწყალბადოვანი საბადოების დამუშავებას და ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზე გატანას, კერძოდ XX საუკუნის ყველაზე დიდი და იშვიათი პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის რეალიზაციის საკითხზე.
ედუარდ შევარდნაძე: ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სწორედ ამ პროექტის ინიციატორის და ავტორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დამსახურებაა, ეს მისი მიზანსწრაფული პოლიტიკის, მტკიცე პოზიციის და დაჟინების შედეგია. მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს გადაწყვეტილებას ტარიფების პრობლემის გადასაჭრელად და ღრმა მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ.
ჰეიდარ ალევი: ამ ყველაფერთან ერთად, ერთმანეთს აზრები უნდა გავუზიაროთ მნიშვნელოვან საკითხთან - სამხრეთ კავკასიაში და, ზოგადად, კავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აუცილებლად მიმაჩნია იმის ხაზგასმაც, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენს სახელმწიფოებს შორის ტრადიციული, ისტორიის მანძილზე არსებული მეგობრული ურთიერთობების უფრო გაღრმავების და გაფართოების მნიშვნელობა დიდია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 1996 წელს წამოწეული ინიციატივის, "მშვიდობა კავკასიაში" აქტუალობა. სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის და აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით უახლოეს დროში მოგვარება, რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.
ედუარდ შევარდნაძე: აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს, რომლებიც გულწრფელი მეგობრობის, უახლოესი მეზობლობის, სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზეა დამყარებული, ფართო შესაძლებლობები და პერსპეკტივები აქვს.