აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის გამოსვლა საქართველოს და აზერბაიჯანის ხელოვნების ოსტატთა კონცერტზე, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანში საქართველოს კულტურის დღეების დასრულებასთან დაკავშირებით - სასახლე "რესპუბლიკა", 1996 წლის, 22 მაისი


scotch egg
scotch egg
scotch egg
scotch egg
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb

გულწრფელად მივესალმები ჩვენს რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეებში მონაწილეობისათვის ჩამოსულ ჩვენ ქართველ მეგობრებს.

მიუხედავად ყველა სიძნელისა, ხელოვნება მუდამ ცოცხლობს. ხალხი ხელოვნებასთან - სიმღერებთან, მუსიკასთან, ცეკვასთან კავშირში ცხოვრობს. დღესაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც მდგომარეობა მარტივი არ არის. ხალხი მომავალშიც ხელოვნებასთან კავშირში იქნება.

ხელოვნება ყოველთვის აახლოვებდა, აერთიანებდა ხალხებს. დღესაც ასეა, როდესაც საქართველო და აზერბაიჯანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ფორმირების, სრულიად ახალ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის რთულ პერიოდს განიცდიან, როდესაც ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები მრავალ დანაკარგს განიცდიან, ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნება გვაახლოვებს და გვაერთიანებს.

მე მიხარია, რომ დღეს კვლავ თავს იჩენს ჩვენი ძველი ტრადიციები და ადათ-წესები. ჩვენ კიდევ ერთხელ გულწრფელად და მეგობრულად ვეგებებით მოძმე ქართველი ხალხის ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს.

მე მთელი გულით მოგესალმებით და თქვენს მშვენიერ გამოსვლას გილოცავთ. ქართული ხელოვნება აზერბაიჯანში ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. თქვენი ხელოვნება, კულტურა ძალიან ახლობელი და ძვირფასია ჩვენთვის. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავეცანით მას, შევხვდით ქართული სიმღერების და ცეკვების შემსრულებლებს, კიდევ ერთხელ მოვიხიბლეთ მათ მიერ საკუთარი ხალხის ხელოვნების წარმოდგენის ოსტატობით.

მთელი გულით მოგესალმებით, მიხარია, რომ ჩვენთან სტუმრობთ. წარსულში ჩვენ ყოველთვის გულრწფელი შეხვდრები გვქონდა, შესვენებებიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ეხლა ჩვენი მშვენიერი ტრადიციები აღვადგინეთ. საქართველოში, თბილისში ჩატარდა აზერბაიჯანის კულტურის დღეები, ახლა კი, აზერბაიჯანში, ბაქოში ქართული კულტურის დღეები ტარდება.

ცოტა ხნის წინ აქ, ჩვენთან იმყოფებოდა ჩემი მეგობარი, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. სულ ახლხანს კი, მარტში, პრეზიდენტ შევარდნაძის მოწვევით მე გავემგზავრე საქართველოში, თბილისში. ჩვენს შორის ძალიან საინტერესო საუბარი, აზრთა ურთიერთგაცვლა, ხელსაყრელი მოლაპარაკებები გაიმართა. ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწარეთ ხელი. ამიერიდან, საფუძველი ჩაეყარა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მარადიულ მეგობრობას.

თქვენ, ხელოვნების მოღვაწეები ყველას ეხმარებით, მართლაც აახლოვებთ ჩვენს ხალხებს და ქმნით პირობებს ჩვენი მეგობრობის განსამტკიცებლად, თანამშრომლობისათვის, რათა შევძლოთ ხელიხელჩაკიდებულად გავიაროთ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხებისათვის ისტორიის ეს ურთულესი პერიოდი.

დღეს, ამ კონცერტში, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელოვნების მოღვაწენი მონაწილეობდნენ, ისინი ერთი კოლექტივივით წარსდგნენ. იმის გარჩევაც კი რთული იყო, თუ ვინ გამოდიო და საქართველოს, და ვინ აზერბაიჯანის სახელით. ყველანი ჩინებულად გამოხვედით. ტაშს მთელი გულით გიკრავდით, იმის თქმაც კი გამიჭირდება, ვის მეტი ტაში შეხვდა, ვის ნაკლები. ყოველ შემთხვევაში, ტაშის დაკვრით ხელები მტკივა.

დღეს აქ ქართული და აზერბაიჯანული სიმღერები გაჟღერდა. ქართველებმა აზერბაიჯანული სიმღერები, აზერბაიჯანელებმა ქართული სიმღერები შეასრულეს. ეს აბსოლუტურად ნორმალური, ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მართალია, ერთ დროს ამ ყველაფრისაგან ძალიან შორს ვიყავით, მაგრამ ჩვენ მეგობრობას მიჩვეულნი ვართ, რადგან ეს მეგობრობა წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მივიღეთ, მათ ჩაუყარეს მყარი საფუძველი ჩვენი ხალხების მეგობრობას, ჩვენ კი ამ მეგობრობას ვავითარებთ და ვაძლიერებთ.

კიდევ გავიმეორებ. თქვენ, ხელოვნების ოსტატები ამ მიმართულებით დიდ, ამ თვალსაზრისით კეთილშობილურ საქმეს აკეთებთ. თქვენი სახით, ქართველ ხალხს, საქართველოს, ქალაქ თბილისს, მეგობარ ედუარდ შევარდნაძეს, ყველა ჩემს დას და ძმას, საქართველოს ყოველ მოქალაქეს მხურვალე სალამს ვუძღვნი. გულწრფელად ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, წარმატებას ახალი ცხოვრების შექმნაში, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს შენებაში.

თქვენ ყველანი კარგად გამოხვედით, კარგად გამოიყურებოდით, ყველანი ლამაზები, მშვენიერები ხართ. ვფიქრობ, დარბაზის რეაქცია ამის ნათელი დადასტურებაა. ყველას გკოცნით, გეხვევით, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას გისურვებთ.