აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის "შაჰდენიზის" საბადოდან ბაქო-თბილისი-ერზერუმის მარშრუტით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე - 2001 წლის 29 სექტემბერი


პატივცემულო პრეზიდენტო, ბატონო ედუარდ შევარდნაძე!

პატივცემულო სტუმრებო!

ქალბატონებო და ბატონებო!

ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს, რომლებმაც შეაჯამეს საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ბატონი ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. დღეს ნაყოფიერი შეხვედრა ჩავატარეთ. შედგა საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შედგა შეხვედრები და მოლაპარაკებები საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებს შორის. ყველა ეს შეხვედრა მიმდინარეობდა მეგობრობის, ურთიერთგაგების სულისკვეთებით, ძმობის ატმოსფეროში. ამ დოკუმენტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ.

დოკუმენტი სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის ანუ აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირების შესახებ "შაჰდენიზის" საბადოდან თურქეთში საქართველოს გავლით, ანუ ბაქო-თბილისი-ერზერუმი გაზსადენის შესახებ, წარმოადგენს მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილის ნავთობის სტრატეგიისა, ნავთობის დოქტრინისა, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდება აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთან და თურქეთთან ერთად. ბუნებრივია, აზერბაიჯანის ნავთობის ამ სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს "საუკუნის კონტრაქტი", რომელიც დაიდო 1994 წლის სექტემბერის თვეში აზერბაიჯანის ნავთობკომპანიასა და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, რუსეთის და სხვა ქვეყნების უმსხვილეს ნავთობკომპანიებს შორის.

პირველი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ამოცანა, რასაკვირველია, მდგომარეობდა მის რეალიზაციაში. მაგრამ რეალიზაციის დროს ჩვენ უნდა გვეფიქრა უცხოური კომპანიებისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ერთობლივი ძალებით მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებაზე მსოფლიო ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიხილავდით ნავთობის ექსპორტირების სხვადასხვა ვარიანტებს. და დღეს, მას შემდეგ, რაც დრო გავიდა, მიმაჩნია, რომ სწორი გზა ავირჩიეთ. დღეს უკვე რეალობაა ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი - ნავთობის ტრანსპორტირების ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთი მარშრუტი, და ბაქო-სუფსის ნავთობსადენი - დასავლეთის მარშრუტი. და, რასაკვირველია, მომავალში უნდა ჩაგვეტარებინა დიდი სამუშაო ჩვენი ძირითადი ჩანაფიქრის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის რეალიზაციისთვის.

ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. ეს ამოცანები უკვე შევასრულეთ და თანაც წარმატებით. 1997 წელს აზერბაიჯანში დაიწყო ნავთობის მოპოვება აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ერთობლივი ძალებით, ნოემბერში ჩვენ ეს აღვნიშნეთ როგორც დიდი მოვლენა. ამაში ჩვენს მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩვენმა მეგობარმაც, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. აგებულია ნავთობსადენი "ბაქო-სუფსა". ამ ნავთობსადენის საზეიმო გახსნა მოხდა 1999 წლის აპრილში. და დღეს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე "ჩირაგის" საბადოდან უკვე ამოღებულია დაახლოებით 16 მილიონი ტონა ნავთობი. აქედან 14 მილიონ ტონაზე მეტი საექსპორტოდ გავიდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენით.

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილავდით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის რეალიზაციის პროგრამის საკითხს და შევძელით ეს. 1988 წელს ხელი მოვაწერეთ ანკარას დეკლარაციას, ხოლო შემდეგ, 1999 წელს, სტამბულში - საბოლოო შეთანხმებას ამ საკითხზე. შემდეგ დაგვჭირდა შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის და აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ესეც შესრულდა. ამჟამად ხორციელდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობის რეალიზაცია.

მაგრამ ჩვენ უფრო შორს მივდივართ. კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში "შაჰდენიზის" მიდამოებში გავხსენით გაზის უდიდესი საბადო. წინასწარი მონაცემებით მისი მარაგი შეადგენს გაზის 1 ტრილიონ კუბურ მეტრს. და, ბუნებრივია, ისევ დადგა საკითხი გაზის ექსპორტირების შესახებ. მაგრამ ჩვენი ადრინდელი ხაზი კვლავ გრძელდება. ჩვენ გადავწყვიტეთ გაზის ექსპორტირება მოვახდინოთ თურქეთში საქართველოს გავლით. ამ საკითხზე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ და დღეს ეს სამუშაო დავასრულეთ. ანუ ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს გაზსადენის პირობების შესახებ. 12 მარტს ანკარაში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას თურქეთის მთვრობასა და აზერბაიჯანს შორის თურქეთში გაზის მიწოდების შესახებ საქართველოს გავლით.

ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ სამუშაო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. უნდა აღვნიშნო, რომ სამუშაო მეტად რთული იყო. მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ჩემი აზრით მტკიცედ და ღირსეულად შრომობდნენ ამ შეთანხმების მოსამზადებლად. შეთანხმება მზადაა და დღეს ჩვენ მას ხელი მოვაწერეთ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნებისათვის. მნიშვნელობა აქვს სამხრეთი კავკასიისათვის. მნიშვნელობა აქვს ევროპული რეგიონისთვისაც. მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ქვეყნებთან ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ახლა, პრეს-კონფერენციაზე, აუცილებელი არ არის შევჩერდეთ დეტალებზე. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის ნავთობის სტრატეგია წარმატებით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მრავალ სირთულეს, წინააღმდეგობას წავაწყდით, ხელი უკვე მოეწერა სამ დიდ შეთანხმებას თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ხდება ჩვენი პროგრამის ნაწილის რეალიზაცია.

უდავოა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიც და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიც წარმატებით და დადგენილ ვადებში იქნება აგებული და ნავთობი და გაზი კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან დაიწყებს დინებას საქართველოს გავლით თურქეთში და უფრო შორს. ბუნებრივია, რომ საქართველოსაც აქვს უფლება ისარგებლოს ამ უძვირფასესი რესურსებით.

გილოცავთ, ედუარდ ამბროსის ძევ, ვულოცავ ჩვენს სტუმრებს, აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯის გადადგმას და ჩვენ მიერ მიღწეულ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაბედულად ვივლით წინ და მივაღწევთ ახალ წარმატებებს. ამ პროგრამებს აქვთ უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისათვის. ამასთანავე მათ აქვთ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა. და ეს მდგომარეობს იმაში, რომ, ჯერ ერთი, მიდის მჭიდრო ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიას, ევროპასა და დასავლეთს შორის, და მეორეც, ეს ნავთობ- და გაზსადენები წარმოადგენენ უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის არსებით გარანტიას ჩვენს რეგიონში.

ჩვენ ყველაფერ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები იმ ყველაფრისა, რასაც ვაკეთებთ, უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის განმტკიცებას, უზრუნველყოფენ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, მშვიდობას ჩვენს რეგიონში და სულ უფრო მეტად გაგვაერთიანებენ ევროპულ საზოგადოებასთან, მსოფლიო, მოწინავე, დემოკრატიულ საზოგადოებასთან.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ჩემი მეგობრის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ამჯერადაც, ისევე როგორც მისი ყველა წინა ვიზიტი, აღინიშნება ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით. ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ ვდებთ ახალ მყარ აგურს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების შენობის განმტკიცების საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების წარმატებულ რეალიზაციას.

ტექსტი გადათარგმნილია რუსული ენიდან ქართულ ენაზე გაზეთიდან "ბაკინსკი რაბოჩი", 2001 წლის 2 ოქტომბერი.